Accentnews.ge
მედია: სომხეთთან რუსეთის ურთიერთობის კურატორი სერგეი კირიენკო გახდა

მედია: სომხეთთან რუსეთის ურთიერთობის კურატორი სერგეი კირიენკო გახდა

30/04/2025 14:52:17 კონფლიქტები

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ და მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტების თანამშრომლებმა სომხეთის თემის კურირებაც დაიწყეს, – იუწყება გაზეთი „ვედომოსტი“ ფედერალური თანამდებობის ოთხ პირზე და ადმინისტრაციის ორ თანამშრომელზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, საქმიანობის ეს სფერო კრემლის შიდა პოლიტიკის ბლოკს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისგან დიმიტრი კოზაკისგან გადაეცა.

როგორც „ვედომოსტი“ წერს, მანამდე, კირიენკოს საგარეო პოლიტიკის სხვა სფეროების ზედამხედველობა დაავალეს. კერძოდ, ის და მისი გუნდი პასუხისმგებელნი არიან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან, ასევე მოლდოვასთან (მათ შორის დნესტრისპირეთთან) ურთიერთქმედებაზე.

„ვედომოსტის“ ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე სომხეთთან დაკავშირებით იგეგმება საინფორმაციო და არა ელექტორალური სამუშაოების ჩატარება.

„ქვეყნის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად იხრება დასავლეთისკენ, რაც, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, დაუშვებელია“, - მიიჩნევს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.

სხვა წყაროს თქმით, სომხეთში რუსეთის ინტერესების წინ წასაწევად კირიენკოს რბილი ძალის ინსტრუმენტების გამოყენების ამოცანა ექნება: „დაახლოებით ისევე იმუშავებენ, როგორც აფხაზეთში ბოლო არჩევნების დროს“.

გამოცემის თანამოსაუბრის ვარაუდით, შემდეგ არჩევნებს მაინც ნიკოლ ფაშინიანი მოიგებს, „თუმცა ახლა საქმე არა არჩევნებში, არამდე იქ რუსეთის ყოფნაშია“.

ცნობისთვის: სერგეი კირიენკო 2005 წლიდან 2016 წლამდე რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის” გენერალური დირექტორი იყო. იგი 2017 წლიდან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაში მუშაობს.

2020 წელს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდა და ამის გამო დაასანქცირეს. მოგვიანებით, კირიენკოს სანქციები აშშ-მა და იაპონიამაც დაუწესეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S