
"საფარი" ტრეფიკინგის მსხვერპლი სუროგატი დედების თავშესაფარში გადაყვანას მოითხოვს
30/04/2025 11:42:05 პოლიტიკა
ქალთა უფლებამდამცველი ორგანიზაცია „საფარი“ საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, სუროგაციის ცენტრ „ქინდერლის“ საქმეზე, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილება და უზრუნველყოს დაზარალებულთა სტატუსის აღიარება.
„საფარი“ აცხადებს, რომ მუშაობს საქმეზე, რომელიც ეხება საქართველოში კომპანია „ქინდერლის“ ჩამოყვანილ სუროგატ დედებს, რომლებიც კომპანიამ ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე დატოვა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადამიანით ვაჭრობისა და ექსპლუატაციის დასჯას ითვალისწინებს და საქართველოში არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლების სახელმწიფო ფონდი, სუროგატი დედები ამ დრომდე სრულიად დაუცველები რჩებიან, რადგან პროკურატურა უარს აცხადებს, გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აწარმოოს და ქალებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
„ქინდერლის“ საქმე ცხადყოფს, რომ სუროგატი დედები საქართველოში სრულიად დაუცველი არიან, ხოლო სუროგაციით გაჩენილი ბავშვების ბედი დღემდე უცნობია. გაუმჭვირვალე კონტრაქტები, დასაქმებულთა უფლებების დარღვევა და დაზარალებულების რეაბილიტაციისთვის საჭირო სერვისების ნაკლებობა, პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„საფარი“ ასევე მოუწოდებს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს სუროგატი დედები თავშესაფარში და გაუწიოს საჭირო მომსახურება.