
დარახველიძე: უხეში დათვლებით, ქვეყანაში 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია
30/04/2025 11:19:36 პოლიტიკა
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.
როგორც ცვლილებების წარმდგენმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კომიტეტის სხდომაზე თქვა, უხეში დათვლებით, დაახლოებით 20-25 ათასი არალეგალი მიგრანტია ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე.
„მათ [მიგრანტებს- რედ.] სხვადასხვა უწყება აღრიცხავს. ადამიანების დადარება რომ მოხდეს, მათ სახელსა და გვარში ერთი ასოც რომ შეიცვალოს, ეს გაორებას იწვევს - მოგეხსენებათ, ზოგიერთ უცხოელს ხუთ-ექვს სიტყვიანი სახელი და გვარი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, უხეში დათვლებით, ამ წუთას ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტია - შეიძლება მეტიც იყოს. ამას ემატება ადამიანები, რომლებიც თავშესაფრის სისტემაში არიან, ვისაც ბინადრობის მოწმობა და ვიზა აქვს“, - განაცხადა დარახველიძემ.
დარახველიძის თქმით, აქციების დროს პარლამენტის შენობაშიც კი დააკავეს უცხოელები, სამართლებრივი გაძევების საფუძვლები კი "მაშინ არ არსებობდა".
"პარლამენტის შენობაშიც კი დავაკავეთ რამდენიმე უცხოელი, რომლებიც შემოიჭრნენ იმ აქციების დროს და ბუნებრივია, ასეთ დროს ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანასთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა და იყო შემთხვევები, რამდენიმე დღის შემოსულები იყვნენ ეს ადამიანები ქვეყანაში. მათი სამართლებრივი გაძევების საფუძვლები მაშინ არ არსებობდა" - თქვა დარახველიძემ.
მისივე თქმით, "იმის გამო, რომ გაუმართავია ამ ნაწილში კანონმდებლობა, დადგა შემთხვევები, როდესაც ქართველი დასაქმებულები კარგავენ სამუშაო ადგილს და მას იკავებს უცხოელი. ამ დროს მას არანაირი მოთხოვნა არ აქვს ჩადებული და არც დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, აცნობოს სახელმწიფოს. ეს საკითხი მოწესრიგდება".
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ერთ-ერთი ცვლილება, რომელსაც სადავო პარლამენტში განიხილავენ, შეეხება უცხოელის განცხადების საზღვარზე განხილვას და შესაბამის უწყებას შესაძლებლობა ექნება თავშესაფრის მაძიებელი პირის საზღვარზევე დაკავების, თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, "თუ იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, თუკი არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი არ შეასრულებს მოსამართლის მიერ განსაზღვრულ დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს".
იქმნება განცხადების განხილვის ახალი წესი, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვის შესაძლებლობას.
"მნიშვნელოვანია, რომ განცხადება საზღვრის პროცედურით განიხილება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: თუ არსებობს განცხადების დაუშვებლად ცნობის ან დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები; თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის; თუ პირი გაძევებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო.
განცხადების საზღვარზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 28 კალენდარულ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ 28 კალენდარული დღის ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, პირს ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონდმებლობით განისაზღვრება უსაფრთხო მესამე ქვეყნის ცნებაც, სადაც შესაძლებელი იქნება პირს მიეცეს ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნისა და მისთვის ასეთი საჭიროების დადგენის შემთხვევაში შესაბამისი დაცვის მიღების შესაძლებლობა.
კანონპროექტის მიხედვით, მიგრანტებისთვის სახელმწიფოსგან გათვალისწინებულია კონკრეტული ხარჯების გაღებაც.
კანონის ამოქმედების თარიღად დასახელებულია 2025 წლის 1 სექტემბერი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021