
ომბუდსმენი – ჩხრეკაზე: "სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო"
29/04/2025 11:26:15 საზოგადოება
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად - სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში, - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.
როგორც სახალხო დამცველი მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს”.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.
სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 29 აპრილს, დილას პროკურატურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში.
ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში იყვნენ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები.
მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ეს ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021