Accentnews.ge
არასამთავრობო ოგანიზაციების ნაწილი: კოორდინირებული ჩხრეკა შიშის დამკვიდრების მცდელობაა

არასამთავრობო ოგანიზაციების ნაწილი: კოორდინირებული ჩხრეკა შიშის დამკვიდრების მცდელობაა

29/04/2025 13:33:49 საზოგადოება

საქართველოში არსებული სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი გმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელების ბინებში დღეს დილით პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ჩხრეკას.

"ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქვემორე ხელმომწერი წარმომადგენლები, ვგმობთ 2025 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს. ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა", – აღნიშნულია მათ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "აღნიშნული ქმედებების სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინა ხაზზე დგანან და ეხმარებიან საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბალშემოსავლიან ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლებს".

„ეს ორგანიზაციები არსებით როლს ასრულებენ იმ სფეროებში, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა არასაკმარისია და უზრუნველყოფენ საკვებს, თავშესაფარს, სამედიცინო დახმარებას, განათლებასა და ფსიქოსოციალურ სერვისებს მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება ამგვარი ფონდების საქმიანობის ხელშესაშლელად არა მხოლოდ მორალურად გაუმართლებელია, არამედ მიმართულია თანაგრძნობის გამოხატვის კრიმინალიზაციისა და იმ ადამიანების გაჩუმებისკენ, ვინც ღირსებისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. ჩხრეკები, რომლებიც არასათანადო სამართლებრივი საფუძვლისა და გამჭვირვალობის გარეშე ჩატარდა, პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის ნაწილს. ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ე.წ. რუსული კანონისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებას და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას და საფრთხეს უქმნის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის საერთაშორისო რეპუტაციას. მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულ ქმედებებზე და ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დადგნენ. ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ მათ დახმარებას,ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ დავიცავთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს“ ,- ნათქვამია ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან „ღია საზოგადოების ფონდი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ევროპის ფონდი“.

დღეს, 29 აპრილს, დილას პროკურატურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში.

ჩხრეკის დაწყების დროს ბინებში იყვნენ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის არასრულწლოვანი შვილები.

მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ეს ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S