Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 24-27 აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 24-27 აპრილი

29/04/2025 14:49:16 კონფლიქტები

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ძალაში შევიდა „შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ძალაში შევიდა „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება“, რომელსაც 2022 წელს მოეწერა ხელი. 25 მარტს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა და რუსეთის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში მიხაილ შურგალინმა მისი რატიფიკაციის დოკუმენტები გაცვალეს.

შეთანხმება საშუალებას აძლევს ერთი მხარის მოქალაქეებს, მეორე მხარის მოქალაქეობა საკუთარზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. მეტიც, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ „აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ მოქალაქეობა, განაცხადის მიღების დღეს არ დაუკარგავთ ის და სრულწლოვანებას მიაღწიეს“. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შეთანხმების პროექტი მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურას ითვალისწინებდა როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის მოქალაქეებისთვის, რაც აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ეს პირდაპირ უკავშირდებოდა აფხაზეთში საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში, შეთანხმდა, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა ცალმხრივად, მხოლოდ აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის იმოქმედებს.

შეთანხმების თანახმად, „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირები სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებით ისარგებლებენ იმ ტერიტორიის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ.

შეთანხმება სამხედრო სამსახურის საკითხებსაც არეგულირებს. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სამსახურს გაივლიან იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც ისინი გაწვევის დროს მუდმივად ცხოვრობენ“. ამასთან, „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირები, რომელთაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური „ერთ-ერთ ქვეყანაში, მეორე მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან“.

დე ფაქტო ხელისუფლება: თბილისის პროტესტის მიუხედავად რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენები დაიწყება

აღნიშნულის შესახებ რუსეთში ე.წ. აფხაზეთის ელჩმა ალხას კვიცინიამ განაცხადა. მან დაადასტურა აქამდე არსებული ინფორმაცია, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა 1 მაისიდან იგეგმება.

„რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის განახლება არის სიახლე, რომელსაც ძალიან ველოდებით. 2025 წლის 1 მაისი ჩანიშნულია, როგორც რეგულარული ფრენების დაწყების თარიღი და ეს გეგმები დასტურდება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, პირველი რეისების განრიგი გაწერილია“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, მომავალში რეისები გაფართოვდება და სოხუმთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ინტერესი უკვე რუსეთის არაერთმა ქალაქმა გამოხატა.

ამასთან, კვიცინია თბილისის პოზიციასაც შეეხო და იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მეშვეობით რუსეთსა და სოხუმს შორის ფრენების აღკვეთას ცდილობს. „თბილისი, სამწუხაროდ, კვლავ კონფრონტაციის გზაზე დგება და ჰუმანიტარული საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ICAO-ს მიმართა მოთხოვნით, აკრძალოს რუსული ავიაკომპანიების ფრენები სოხუმში. ქართული მხარე აცხადებს, თითქოს სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაცია „უკანონოა“ და არღვევს ჩიკაგოს კონვენციას, რადგან აეროპორტს არ აქვს თბილისის მიერ გაცემული სერტიფიკატი. ფაქტობრივად, საქართველო იმაზე აპელირებს, რომ ICAO ფორმალურად არ ცნობს ჩვენს აეროპორტს აფხაზეთის არაღიარების გამო. ჩვენ, რა თქმა უნდა, სხვაგვარ მიდგომას ველოდით. მცირე ხნის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან გაიჟღერა მოწოდებებმა პრაგმატული დიალოგისკენ, ახალი რეალობების აღიარებისკენ, 2008 წლისთვის აფხაზებისა და ოსებისთვის მობოდიშებისკენაც კი - თითქოს უფრო კონსტრუქციულ კურსს იღებდნენ. თუმცა, ამის ნაცვლად, თბილისი შაბლონურ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ, რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებებს აკეთებს“, - თქვა კვიცინიამ და დასძინა, რომ თბილისის უკმაყოფილების მიუხედავად, ფრენები მაინც დაიწყება.

„აფხაზეთის იზოლაციისთვის ICAO-ს მექანიზმის გამოყენების მცდელობა უპერსპექტივო მიგვაჩნია. დიახ, ფორმალურად საქართველო ICAO-ს დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და ჩვენი აეროპორტის კოდი იქ 2006 წლიდან გაუქმებულია. თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მოსკოვი-სოხუმის რეისები საფრთხეს არავის არ უქმნის. ჩვენ საქართველოს ქმედებებს ვაფასებთ როგორც მცდელობას, ხელი შეუშალოს ობიექტურად გარდაუვალ პროცესს. აფხაზეთი და რუსეთი უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ საჰაერო მიმოსვლაზე და ის გეგმის მიხედვით დაიწყება“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, კვიცინიამ თბილისს მოუწოდა, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე.

ე.წ. ელჩმა აფხაზეთში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას და საბოლოო გადაწყვეტილება დე ფაქტო პარლამენტმა უნდა მიიღოს. „კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავეყრდნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საინფორმაციო სივრცის დაცვის პრინციპებს, თუმცა ამავე დროს არ უნდა შევზღუდოთ კანონმორჩილი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების უფლებები”, - დასძინა კვიცინიამ.

აფხაზეთში არსებულ ენერგოკრიზისზე საუბრისას, ალხას კვიცინიამ განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მომდევნო შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის მომზადების კომპლექსური გეგმის შემუშავება. მისი თქმით, ეს პირველ რიგში კრიპტოვალუტის მაინინგზე შეზღუდვების დაწესებას, ასევე ენერგოინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და ელექტროგადამცემი ხაზების განახლებას ითვალისწინებს, რაც რუსი სპეციალისტების დახმარებით ხორციელდება. ამავე კონტექსტში, კვიცინიამ ხაზი გაუსვა ენგურჰესის ირგვლივ ქართულ მხარესთან არსებულ თანამშრომლობას. „რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ ენგურჰესის ერთობლივ მართვას ქართულ მხარესთან - ეს მექანიზი წლების განმავლობაში ეფექტიანად მუშაობდა და ჩვენ მომავალშიც გვაქვს რაციონალური ურთიერთქმედების იმედი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, რათა სადგურმა გამართულად ფუნქციონირება შეძლოს“, - აღნიშნა მან. ამავდროულად, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ენერგოსექტორში ინვესტიციების მოზიდვაც არ გამორიცხა.

ახალდანიშნული დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელს შეხვდა

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სოხუმის ოფისის ხელმძღვანელთან ჩინგიზ რაიმბეკოვთან.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთში წითელი ჯვრის საქმიანობა, რომელიც ძირითადად 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებას უკავშირდება.

აფხაზეთში ბოტულიზმის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში ბოტულიზმის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, პირველადი მონაცემებით, მოწამვლის მიზეზი ზღვის პროდუქტები გახდა.

სამივე პაციენტი შესაბამისი დიაგნოზით სოჭის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მოუწოდა, კონსერვირებული ხორცისა და თევზის პროდუქტების შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ვარგისიანობის ვადას, ასევე თავი შეიკავონ კუსტარულად დამზადებული პროდუქტების შეძენისგან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S