Accentnews.ge
მზია ამაღლობელის საქმეზე გრიგოლ ბესელია გამოჰკითხეს: "ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია"

მზია ამაღლობელის საქმეზე გრიგოლ ბესელია გამოჰკითხეს: "ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია"

28/04/2025 15:24:25 სამართალი, საზოგადოება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოჰკითხეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია.

მან გამოკითხვისას ისაუბრა მზია ამაღლობელის ჯერ ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე 11 იანვარს, ასევე რამდენიმე საათში მის სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებაზეც.

„ღობის შიგნით ვიდექით, როდესაც მზია მივიდა და პოლიციის შენობას მიაკრა სტიკერი. მეც იქ ვიდექი, არ ვიცნობდი მზია ამაღლობელს. აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“. ვიდეოც მაქვს ნანახი, სადაც მოუწოდებენ მისი თანამოაზრეები თუ აქციის წევრები, რომ არ გაეკრა, თუმცა მაინც მიაკრა. მივედი, რათა მეცადა, რომ არ დაეკრა სტიკერი, აღგვეკვეთა სამართალდარღვევა. როდესაც მივედი მზია ამაღლობელთან, სტიკერი დაკრული ჰქონდა. ვცდილობდი იდენტიფიცირება მომეხდინა, ვინ იყო ეს ქალბატონი, რადგან ასე უხეშად მოახდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამ დროს თანამშრომლებმა შეიყვანეს პოლიციის შენობაში. ცნობილი გახდა, რომ მზია დააკავეს ბიჭებმა, ამოიცნო ჩემმა თანამშრომელმა, რომ ქალბატონი მზიაც ერთ-ერთი იყო, რომელიც პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას, პოლიციელების მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებზე საუბარი. მე პირადად არ დამინახავს. მე ღობესთან რომ მივედი, შევესწარი, რომ მზია მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები კი ეუბნებოდნენ, არ გაეკრა სტიკერი შენობაზე. ადმინისტრაციული წესით დააკავეს მზია, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გათავისუფლდა ხელწერილით ის და რამდენიმე დაკავებულიც”, - თქვა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, გრიგოლ ბესელიამ.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ბათუმის პოლიციის შენობასთან კედელზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით. სტიკერს ეწერა: “იფიცება საქართველო”. ეს იყო 15 იანვარს დაგეგმილი აქციის საინფორმაციო სტიკერი.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, გრიგოლ ბესელიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ „პოლიციელისთვის მსგავსი სტიკერის მიკვრა შეურაცხმყოფელია”, ვინაიდან პოლიციელებს არ აქვს გაფიცვის უფლება. მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავების შემდეგ აქციის სხვა მონაწილეები პოლიციის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.

“აქციის წევრები პერიოდულად აგრესიას გამოხატავდნენ პოლიციის მიმართ, ასევე იყვნენ მზია ამაღლობელის ახლობლები. ძმები გაბაიძეები იყვნენ, რომლებიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. მოხდა ძმები გაბაიძეების დაკავება. აქცია მშვიდად მიმდინარეობდა, არ იყო დაპირისპირება, დაშლისკენ მიდიოდა, გაბაიძეებმა რადგან პოლიციას მიაყენეს შეურაცხყოფა, მოხდა მათი დაკავება, შემდეგ ისევ აიწია მუხტი აქციის წევრებს შორის. ბევრს ვიცნობ პირადად და ვცდილობდი დალაპარაკებას, რათა დაპირისპირება აგვეცილებინა. ისინი ითხოვდნენ ხელმძღვანელისგან განმარტებას, თუ რატომ იყვნენ დაკავებულები ეს ადამიანები“, - თქვა ბესელიამ.

რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებას, გრიგოლ ბესელიას თქმით, "მზია ამაღლობელი გამოცემა “ბათუმელების” რედაქტორ ეთერ თურაძესთან ერთად აგრესიულად იქცეოდა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ:

“ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები ქალებისგან, მით უმეტეს აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს [მიჩვეული]”.

მან მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისადმი სილის გაწვნის ეპიზოდზე შემდეგი განაცხადა:

“ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის… სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“.

როგორც "რადიო თავისუფლება" იუწყება, მოგვიანებით, ადვოკატის დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხისას, რა დაზიანება შეიძლება, მიეღო ირაკლი დგებუაძეს სილის გაწვნის შემდეგ, თქვა: “თქვენ როგორ გგონიათ, სახეში ხელს რომ დაგარტყამენ, რა დაზიანება უნდა მიიღო? ვიზუალურად რაიმე დაზიანება, სისხლდენა არ ჰქონია”.

„[სისხლნაჟღენთიც] არ ჰქონია, [ნაკაწრიც] არ მინახავს. სიწითლე არ მინახავს, არ მიმიქცევია ყურადღება მაგისთვის, ვინაიდან ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო გარეთაც, შიგნითაც და არ მიმიქცევია ყურადღება. სისხლდენა და ეგეთი დაზიანება არ მინახავს და სიწითლე ჰქონდა თუ არა, არ მიმიქცევია ყურადღება. არ დავკვირვებივარ“, - თქვა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ბესელიამ.

ბესელიას შეკითხვა მზია ამაღლობელმაც დაუსვა. მან ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მისთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას.

ბესელიამ უპასუხა, რომ ეთანხმება, ვინაიდან "ხელის დარტყმა არის თავდასხმა პოლიციელზე".

"რადიო თავისუფლების" ცნობით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოკითხულიყო ირაკლი დგებუაძეც, თუმცა იმისა გამო, რომ გრიგოლ ბესელიას გამოკითხვა საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდა, დაცვის მხარემ უარი განაცხადა მის გამოკითხვაზე. მოსამართლის შეთავაზების პასუხად პროკურორმა კი განაცხადა, რომ ვინაიდან საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თანახმა იყვნენ გამოკითხვა დღესვე გაგრძელებულიყო. მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია და ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა მომდენო სხდომაზე, 8 მაისისთვის გადადო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობაც დააყენა, 16 აპრილს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გაკეთებული განცხადების გამო.

კობახიძის განცხადებით, „მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის, კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.

ქათამაძის თქმით, ამ განცხადებიდან „აშკარად გამოჩნდა, რომ ის ფლობს მზია ამაღლობელის საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამიტომ დაცვის მხარეს წარმოეშვა მისი გამოკითხვის სურვილი“.

ადვოკატის ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა თქვა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები ვერ იქნება მტკიცებულება.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა კი განაცხადა, რომ დაცვის მხარის ამ შუამდგომლობაზე სასამართლო იმსჯელებს მომდევნო სხდომაზე.

დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე შეფარდებული პატიმრობის საკითხიც გადაიხედა. მოსამართლემ, "ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის გამო", მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S