
ზელენსკი: წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა კიევს ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული რაკეტით დაარტყა
25/04/2025 06:06:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები დეტალებს ამოწმებენ და თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება რუსეთის და ფხენიანის დანაშაულებრივი კავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება.
მისი განცხადებით, "რუსეთზე რეალური ზეწოლაა საჭირო, რადგან, როცა ომის შესაწყვეტად საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე რუსეთი ისევ კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ეს ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია".
როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია დარტყმების სრულად და უპირობოდ შეწყვეტა და ომის სამართლიანად დასრულება, უკრაინელების უსაფრთხოების რეალური გარანტია კი ქვეყნის საჰაერო ფარის გაძლიერება იქნება.
ცნობისთვის: 24 აპრილს კიევზე სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 90 დაშავდა. კიევის სვიატოშინსკის რაიონში დაინგრა მრავალბინიანი სახლი და დაზიანდა ახლომდებარე შენობები. 25 აპრილი კიევში გლოვის დღეა.