
ჩხეიძე: ძმაც დამიჭირეს, ქმარიც - ვიდრე სისტემა ასეთი იქნება, ყველას დაჩაგრავენ!
24/04/2025 10:38:12 პოლიტიკა, საზოგადოება
სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში - ის "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმაა. მას პოლიციისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
"ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. შსს-ს მხრიდან წარმოდგენილი იყო ვიდეომტკიცებულება, რომელიც პირიქით ადასტურებს, რომ გიორგის მხრიდან ადგილი არ ჰქონდია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას. ცხადია, დავეთანხმეთ ამ მტკიცებულების საქმეში ჩადებას. [...] კადრებში ჩანს, რომ დაკავების დროს გიორგი იღებდა ტელეფონით უწყვეტად და შესაძლებელია მოსმენა, რას ამბობდა გიორგი. ეს ტელეფონი შსს-შია. თავად არ მოახდინეს წარმოდგენა, რადგან მათ ინტერესში არაა, დადასტურდეს, რომ გიორგის მხრიდან სამართალდარღვევას არ ჰქონია ადგილი, ამიტომ, დაყენებული გვაქვს შუამდგომლობა, ეს ვიდეო იქნას ამოღებული, წარმოდგენილი. თუ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ველით, რომ სხდომა გადაიდება. ამ ელემენტარული შუამდგომლობისთვის სასამართლოს დასჭირდა საკუთარ თავთან თათბირი და ამ წუთას გასულია სხდომათა დარბაზიდან",- თქვა ადვოკატმა მარიკა არევაძემ.
მოსამართლემ სასამართლო სხდომიდან გააძევა ჟურნალისტი, ფოტორეპორტიორი მინდია გაბაძე. მისი გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. თეთრაული 2024 წლის 1 ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
როგორც მინდია გაბაძე წერს, გაძევების მიზეზი შემდეგი იყო: „შეკითხვა დავუსვი, თუ რატომ არ მაძლევდა პროცესის გადაღების უფლებას“.
ჩხეიძის დას არ აქვს მოლოდინი სამართლიანი პროცესის.
"ზოგჯერ მინდა, მჯეროდეს ამ სასამართლოსი, მაგრამ არ მჯერა, რომ გამოუშვებენ...ალბათ პატიმრობაში გაუშვებენ...ძმაც დამიჭირეს, ქმარიც დამიჭირეს - ოკმელა დაახლოებით ერთი წელია, ზის ციხეში...ეს სისტემის რეპრესიებია...ვიდრე სისტემა ასეთ მდგომარეობაში იქნება, ყველას დაჩაგრავენ... ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და დარწმულებული ვარ, გავიმარჯვებთ",- თქვა თამთა ჩხეიძემ.
ჩხეიძე 2 დღის წინ, 22 აპრილს,დააკავეს სასამართლოს წინ. იმ დღეს სასამართლოში დაკითხეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი. დაკითხვის დასრულების შემდეგ საბა სხვიტარიძის ახლობლებმა და ნათესავებმა სალომე ედიშერაშვილს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. გამომძიებლის ეზოში გასვლის შემდეგ, ხალხმა იზოში გადაინაცვლა, სადაც ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული. სწორედ ამ დროს დააკავეს გიორგი ჩხეიძე. კადრებში ჩანს, რომ ჩხეიძე მობილურით იღებდა არსებულ ვითარებას, ამ დროს მასთან მიდის რამდენიმე პოლიციელი - ის ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021