
მოსამართლე ჩაგუნავამ 12-დღით გაუშვა საპატიმროში პარლამენტთან დაკავებული ლევან ზაზაძე, გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა
23/04/2025 12:17:28 პოლიტიკა, საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქე ლევან ზაზაძე, რომელიც 21 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა პოლიციამ, 12 დღეს გაატარებს ადმინისტრაციულ პატიმრობაში. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ლევან ზაზაძის ახლობლების პროტესტი, რომელსაც მოჰყვა მათსა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან. ამ დროს ერთი დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა.
21 აპრილს, აღდგომის მეორე დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები პოლიციელების მოქმედების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. პოლიციამ აღდგომის ღამეს პროევროპული აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა ადმინისტრაციული წესით. მათგან ტროტუარზე დგომის დროს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.