Accentnews.ge
დღეს ლონდონში საგარეო მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს ეხებოდა, გადაიდო

დღეს ლონდონში საგარეო მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს ეხებოდა, გადაიდო

23/04/2025 09:07:18 მსოფლიო

დღეს ლონდონში დაგეგმილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, გადაიდო. მინისტრების დონეზე შეხვედრის გადადება მედიასაშუალებებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს მიზეზის დაკონკრეტების გარეშე.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ლონდონში შეხვედრა გაიმართება შედარებით დაბალი რანგის ოფიციალური პირების მონაწილეობით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 17-18 აპრილს, პარიზში შეხვდა უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს. შემდეგი შეხვედრა ლონდონში დაიგეგმა.

პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ Bloomberg და CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ ამერიკელებმა უკრაინელებს და ევროპელებს წარუდგინეს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების ჩარჩო-შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმზე მოსკოვის კონტროლის აღიარებას.

პარიზში გამართული შეხვედრების შემდეგ, 18 აპრილს მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს სურს სწრაფად გაარკვიოს, რამდენად რეალურია უახლოეს ხანში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან თუ ეს შესაძლებელია, მონაწილეობას გააგრძელებენ და თუ არა - აქვთ სხვა პრიორიტეტებიც, რომლებზეც კონცენტრაციაა საჭირო.

ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროთა ინფორმაციით, უკრაინას ლონდონში დღევანდელ შეხვედრაზე სურს საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტის საკითხის განხილვა და არა - ტრამპის სამშვიდობო გეგმის პროექტის, რომელიც ითვალისწინებს ყირიმის რუსეთის ნაწილად გამოცხადებას და რუსეთის კონტროლის არაოფიციალურად აღიარებას უკრაინის თითქმის ყველა იმ ტერიტორიაზე, რომლებიც ოკუპირებული აქვს 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ამასთან, გამოცემის წყაროთა თანახმად, ერთგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გასულ კვირაში პარიზში წარუდგინა, აღწერილია, როგორც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო წინადადება.

კიევში 22 აპრილს გამართულ პრეს–კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპაციის აღიარებას არ აპირებენ და განაცხადა, რომ ყირიმის შესახებ იდეა „არ არის უკრაინისადმი ოფიციალური წინადადება“. ზელენსკის თქმით, „ძალიან არ სურთ“ პროცესიდან აშშ-ის გასვლა, რადგან ეს კარგი სიგნალი არ იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S