
ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს ანდერძი გამოაქვეყნა
22/04/2025 06:08:07 მსოფლიო
ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს ანდერძი გამოაქვეყნა.
ვატიკანის ცნობით, ანდერძი პაპმა გარდაცვალებამდე დაახლოებით, 3 წლით ადრე დაწერა.
2022 წლის 29 ივნისით დათარიღებულ ანდერძში პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რომ "რადგან მიწიერი ცხოვრების დასასრულს გრძნობს და მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს, სურს გამოთქვას ბოლო სურვილი დაკრძალვის ადგილის შესახებ".
პაპმა ითხოვა, რომ დაკრძალონ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, საფლავი იყოს სადა, წარწერით: ფრანცისკე.
პაპი აღნიშნავს, რომ დაკრძალვის ხარჯი დაიფარება ქველმოქმედისგან მიღებული თანხით, რომელიც მისი განკარგულებით გადაერიცხება სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკას.
პაპი ფრანცისკე მადლობას უხდის ყველას, ვისაც უყვარდა და მისთვის ლოცულობდა და ანდერძს ასრულებს სიტყვებით, რომ "ცხოვრების ბოლო პერიოდში თავის ტანჯვას უფალს უძღვნის მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ხალხთა შორის ძმობისთვის".
ცნობისთვის: ღვთისმშობელ მარიამის სახელობის ტაძარი, სანტა მარია მაჯორე რომის პაპის ოთხი ბაზილიკიდან ერთ-ერთია.
პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, ვატიკანში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში აირჩიეს.