
მედია: აშშ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის დამგმობ განცხადებას არ შეუერთდა
16/04/2025 06:49:37 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ხელი მოეწერა „დიდი შვიდეულის“ (G7) განცხადებაზე, რომლითაც გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს უნდა დაეგმოთ უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, – იუწყება Bloomberg.
გამოცემის წყაროების თანახმად, ვაშინგტონმა უარი იმით ახსნა, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესანარჩუნებლად მუშაობს.
Bloomberg–ის ცნობით, G7-ს უნდა განეცხადებინა, რომ ქალაქ სუმიზე სარაკეტო დარტყმა ადასტურებს, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას აპირებს.
G7-ის წევრები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია.
თეთრ სახლს ამ საკითხზე ოფიციალურად არაფერი უთქვამს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 13 აპრილს რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრს ორი წუთის განმავლობაში ორჯერ დაარტყა ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“, რის გამოც დაიღუპა 35 და დაიჭრა 120-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების მიერ სუმის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად 13 აპრილს განაცხადა, რომ საშინელება მოხდა და „უთხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს". ტრამპს რუსეთი არ უხსენებია.