
TI: "მოვუწოდებთ „ოცნებას“ დაუყოვნებლივ გააუქმოს „გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მანამდე მიღებული ყველა შემზღუდველი კანონი"
16/04/2025 06:04:45 საზოგადოება
გერმანიაში დაფუძნებული საერთაშორისო უფლებადამცველი და კორუფციის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (TI) ავრცელებს განცხადებას სახელწოდებით „დემოკრატია რისკის ქვეშ: საქართველო სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიდის".
ორგანიზაცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ გააუქმოს „გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მანამდე მიღებული ყველა შემზღუდველი კანონი".
TI აცხადეს, რომ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან დაანონსებული ახალი ზომებით, რომლებიც „პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების უნარს, იმოქმედოს დამოუკიდებლად და შეასრულოს თავისი სასიცოცხლო როლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში“.
ორგანიზაციის შეფასებით, ახალი წესები, რომლებიც მომზადებულია „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების სახით და მოითხოვს მთავრობის წინასწარ თანხმობას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების მისაღებად, "ხაზს უსვამს საქართველოს უფრო ფართო დემოკრატიულ უკუსვლას, რაც გამოხატულია ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების ათწლოვან კონსოლიდაციაში“.
„იმის ფონზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის კონტროლს ექვემდებარება, კორუფცია ინსტიტუციონალიზებულია, კონტროლი, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა შესუსტებულია“, -ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ახლა „მიზანში ამოიღო დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იცავენ გამჭვირვალობას“.
TI აღნიშნავს, რომ „მკაცრად გმობს“ ამ ნაბიჯებს და დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.
TI–ს განცხადებით, მისმა ქართულმა პარტნიორმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უნდა შეძლოს თავისუფლად მოქმედება კორუფციასთან საბრძოლველად და კეთილსინდისიერების ხელშეწყობისთვის:
„წლების განმავლობაში იგი ამხელდა სახელმწიფოს მიტაცებას, სისტემურ კორუფციასა და არჩევნების მანიპულირებას, ხოლო ამის შედეგად იგი მუდმივად იყო [„ქართული ოცნების“] სამიზნე. დღეს ნათელია, რომ ეს რეპრესიული კანონები შექმნილია სწორედ ასეთი ორგანიზაციების გაჩუმებისთვის“.
- "TI სოლიდარობას უცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ გააუქმოს შემოთავაზებული ცვლილებები, გააუქმოს ყველა წინა შემზღუდველი კანონი და კვლავ დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და ანტიკორუფციული პრინციპები, რომლებსაც ოდესღაც იცავდა. მოქალაქეების უფლება, მოითხოვოს მთავრობის პასუხისმგებლობა, დაცული უნდა იყოს და არა კრიმინალიზებული", – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: ამჟამად „ქართული ოცნების“ პარლამენტი იღებს ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში. ამ ცვლილებების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია საგარეო გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“.
დაგეგმილ ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილმა „ქართველი ხალხის დევნის აქტი“ უწოდა.