
რუს სამხედროს ტყვედ ჩაბარებისთვის 15 წელი მიუსაჯეს
15/04/2025 11:46:30 მსოფლიო
გამოცემა Коммерсантъ-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სასამართლომ უმცროს სერჟანტ რომან ივანიშინს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჯარისკაცს, რომელიც 2023 წელს უკრაინელებს ომში ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარდა.
ივანიშინი სასჯელს მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში მოიხდის. გარდა ამისა, მას წოდებაც ჩამოართვეს.
რუსეთმა 2022 წელს მიიღო კანონი, რომელიც ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარებას სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს, თუმცა, კანონი პირველად სწორედ ახლა აღსრულდა.
გამოცემის მიხედვით, რომან ივანიშინი ჩეჩნეთის ომის ვეტერანია, რომელიც უკრაინასთან ომში 2022 წელს გაიწვიეს. ის 2023 წლის ივნისში დაატყვევეს უკრაინელებმა დონეცკის რეგიონში, ხოლო 2024 წლის იანვარში იგი რუსეთში დაბრუნდა ტყვეთა გაცვლის ფარგლებში. სამხედრო სახალინში ჩასვლისთანავე დააკავეს.
მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი ცნობილი სისხლის სამართლის საქმე ტყვედ ჩაბარების შესახებ, რომელიც აღძრულია რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ, რომელიც მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
რუსული პროკურატურის ცნობით, ივანიშინმა ორჯერ სცადა ჩაბარება და თანამებრძოლები დაარწმუნა იმავეში. მას ასევე ბრალი წაუყენეს ტყვეობაში გადაღებული ვიდეოს გამო, სადაც ის ამბობდა, რომ "შიში და დაბნეულობა სუფევს პოზიციებზე": რუსი ჯარისკაცები "დემორალიზებულები" არიან, არ სურთ ბრძოლა და ცდილობენ გაქცევას, რისთვისაც "გზავნიან ორმოებში". ივანიშინმა მოუწოდა რუსებს, არ წასულიყვნენ ომში და არ გაეშვათ ახლობლები იქ.