
WSJ: ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი ტრამპს მოსკოვისადმი მიდგომის გამკაცრებას ურჩევს
15/04/2025 08:31:39 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალჩინოსანი სკეპტიკურადაა განწყობილი რუსეთის პეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიმართ და ტრამპს მოსკოვისადმი მიდგომის გამკაცრებას ურჩევს, – იუწყება Wall Street Journal.
გამოცემის წყაროთა თანახმად, "სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი არიან იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პუტინი რეალურად არ არის დაინტერესებული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტით".
როგორც გამოცემა იტყობინება, "ისინი ტრამპს ურჩევენ, მკაცრი პოზიცია დაიკავოს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ მოსკოვის მოთხოვნის მიმართ".
ამასთან, Wall Street Journal იუწყება, რომ "ტრამპი იზიარებს სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსაზრებას, რომ პუტინს უკრაინაში მშვიდობა სურს".
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობებს, უკრაინაში ომი დაასრულოს, რეალური შედეგი ჯერ–ჯერობით არ მოჰყოლია.
უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე. თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.