
ზელენსკი ტრამპს: გადაწყვეტილებების მიღებამდე მობრძანდით და ნახეთ, მათ შორის დაღუპული ბავშვები და დანგრეული ეკლესიები, მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე
14/04/2025 05:28:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, უკრაინაში ჩავიდეს და თავად ნახოს რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგები.
"ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები“, - განაცხადა ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დონალდ ტრამპი მიხვდება, რა ჩაიდინა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
“მოდით, შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი ზეწოლის გამო რუსეთს არ ეშინია და უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს განაგრძობს.
ცნობისთვის: ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ს ინტერვიუ მისცა თავის მშობლიურ კრივოი-როგში, ამ ქალაქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ. ინტერვიუ 13 აპრილს გამოქვეყნდა. 4 აპრილს კრივოი-როგის ერთ-ერთ საცხოვრებელ მიკრორაიონზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.
13 აპრილს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.