
NATO-ს ქვეყნებმა უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება დააანონსეს
11/04/2025 19:02:46 მსოფლიო
11 აპრილს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეები შეთანხმდნენ კიევის მხარდაჭერის უპრეცედენტო დონეზე - მთლიანობაში, მოკავშირეები 21 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფენ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, - იუწყება BBC.
ამ თანხის ნახევარზე მეტი - დაახლოებით 11 მილიარდი ევრო - გერმანიაზე მოდის. დიდი ბრიტანეთი აპირებს, გამოყოს დაახლოებით 5,2 მილიარდი ევრო. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის თქმით, კიევი მალე ბერლინიდან მიიღებს: 100 ათას საარტილერიო ჭურვს; 25 ქვეითთა საბრძოლო მანქანას; 15 ძირითად საბრძოლო ტანკს; 100 მიწისზედა სარადარო სადამკვირვებლო სადგურს; 120 პორტატულ საზენიტო სარაკეტო სისტემას. გერმანია უკრაინას ასევე გადასცემს IRIS-T საჰაერო თავდაცვის ოთხ სისტემას 300 რაკეტისგან შემდგარი ნაკრებით. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფო-ნორვეგიის ერთობლივი პაკეტი 523 მილიონი ევროთი დააფინანსებს რადარების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდებას, სამხედრო ტექნიკის შეკეთებას და ასობით ათასი დრონის შეძენას.
"უკრაინას სჭირდება ძლიერი არმია - მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს მოლაპარაკებების შემთხვევაში სამართლიან და მდგრად მშვიდობას მიაღწიოს", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მან დასძინა: ”რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინას შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა და ჩვენ მას ამაში მხარს დავუჭერთ”.
თავის გამოსვლაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ დაადანაშაულა რუსეთის ხელმძღვანელობა შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული და კიევის მიერ ერთი თვის წინ შეთანხმებული სამშვიდობო ინიციატივების ჩაშლაში. „პუტინი ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს, მაგრამ მისი ძალები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმებს, როგორც სამხედრო ობიექტებზე, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“, - თქვა ჰილიმ, - იტყობინება Politico.
ბერლინისა და ლონდონის მიერ მოწვეული საკონტაქტო ჯგუფის 27-ე შეხვედრაზე 50 ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეიკრიბა. პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა მონაწილეობა მიიღო ვიდეო ხიდით და მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს გაწეული მუშაობისთვის.