
„თემურ ჩხეიძის სახელოსნო“: ესაა პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაცია
11/04/2025 18:33:45 პოლიტიკა, საზოგადოება
„თემურ ჩხეიძის სახელოსნოს“ "ფეისბუქგვერდზე" ლიკვიდციასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაციაა, რომელიც გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის წინააღმდეგაა მიმართული.
განცხადების მიხედვით, ლიკვიდაციის შედეგად სახელოსნოს 24 თანამშრომელს შეუჩერდა ხელშეკრულება და 20-მდე პროექტი შეჩერდა.
„სახელოსნო დაარსდა თემუ ჩხეიძის ინიციატივით 2014 წელს სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე, იმ მიზნით, რომ შექმნილიყო თავისუფალი შემოქმედებითი ძიების სივრცე დამწყები დრამატურგებისა და რეჟისორებისთვის. პირადად თემურ ჩხეიძის პრინციპული გადაწყვეტილებით, სწავლა სახელოსნოში უნდა ყოფილიყო უფასო, რისთვისაც აუცილებელი გახდა სახელმწიფოს მხრიდან მხადაჭერა.იმისთვის, რომ სახელოსნოს მიეღო მხარდაჭერა კულტურის სამინისტროსგან, აუცილებელი იყო, რომ დაეფუძნებინა კულურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამათლის იურიდიულ პირს. ასეთად შეირჩა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს ყოველივე პრაქტიკაში ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და თეატრალური სახელოსნოს საქმიანობით 2025 წლამდე ერთხელაც არ დაინტერესებულა.
2025 წლის თებერვალში ბიუროკრატიული პროცესი შესაშური სისწრაფით წარიმართა:
- 19 თებერვალს კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ორგანიზაციის წესდება
- 21 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თეატრალურის რექტორმა მიმართა განცხადებით სახელოსნოს გამგეობაში სამი წევრის დამტკიცების შესახებ.
- რეესტრმა მოთხოვნა დააკმაყოფილა 24 თებერვალს.
- 28 თებერვალს რექტორმა შალუტაშვლმა მოიწვია გამგეობის პირველი და უკანასკნელი სხდომა. ამ პროცესის შესახებ „სახელოსნოს“ ადმინისტრაციამ შევიტყვეთ ამავე სხდომაზე.
სპეციალურად თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დასახურად სასწრაფოდ დანიშნილ გამგეობის წევრებს ცენტრის საქმიანობასთან არასდროს ჰქონიათ შეხება. ესენი არიან: რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, თეატრმცოდნე გიორგი ცქიტიშვილი.
კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დანიშნეს გიორგი ცქიტიშვილი, რომელმაც ყველანაირი განმარტების გარეშე მალევე გვამცნო ცენტრის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე.
რექტორმა შალუტაშვილმა ხელი მოაწერა განცხადებას „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის – თემურ ჩხეიძის სახელოსნოს“ ლიკვიდაციის შესახებ.
ის ფაქტი, რომ ამ ყოველივეს არ ახლდა არანაირი დასაბუთება, არგუმენტაცია, ან ახსნა-განმარტება, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებისა და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის წინააღმდეგაა მიმართული.
ლიკვიდაციის შედეგად „სახელოსნოს“ 24 თანამშრომელს, მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუჩერდათ 2026 წლამდე დადებული სამუშაო ხელშეკრულებები, გაუქმდა მიმდინარე და მომავალი თეატრალური სეზონებისთვის დაგეგმილი 20-მდე პროექტი და გადაწყვეტილების მიღებისას არავის გაუთვალისწინებია, რომ ეხებოდა თემურ ჩხეიძის უმნიშვნელოვანეს უკანასკნელ პროექტს, მის ცოცხალ მემკვიდრეობას. განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი განხორციელდა მისი ყოფილი სტუდენტების ხელით.
ჩვენ, ვინც თემურ ჩხეიძის გვერდით ვიდექით სახელოსნოს დაბადების მომენტიდან და ვაგრძელებდით მის საქმეს სახელოსნოს დახურვამდე, არ ვაპირებთ გაჩერებას – არ შევეგუებით რეპრესიებს, დაშინებას, თავდასხმას გამოხატვის თავისუფლებაზე.
და ბოლოს, ვასრულებთ თავად თემურ ჩხეიძის სიტყვებით: არანაირი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ფორმაცია არ ათავისუფლებს ადამიანს სინდისისგან!“, – ნათქვამია განცხადებაში.