
ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
11/04/2025 15:12:40 პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემის რეალური სივრცე წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს.
"დაახლოებით 1 საათის წინ დამირეკა, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და მითხრა, რომ 1 საათში მელოდებოდა, გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში, მოვედი და გამაცნეს გადაწყვეტილება შიდა მოკვლევის მიერ მოკვლეული დოკუმენტის მიხედვით, დღეს დირექტორთა საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან" - ამბობს ივანოვ-ჩიქოვანი
ორივე ჟურნალისტს, მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გათავისუფლების შესახებ ზეპირ შევხედრაზე აცნობა.
"40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. [...] ზუსტად ორი წუთის წინ, საზმაუს დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ და თამარ შუბლაძემ, ასე თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ, უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში" - განაცხადა ზაუტაშვილმა.
ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი არხის სარედაქტიო პოლიტიკას საჯაროდ აკრიტიკებდნენ და სახელისუფლებო გავლენებზე საუბრობდნენ.
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოება დაიწყო ორგანიზაციის ექვსი თანამშრომლის მიმართ.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა და თანამშრომლობა არის ორმხრივი ნების გამოვლენისა და სურვილის შედეგი, რასაც არ ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, რის გამოც, საქართველოს პირველი არხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაცემის – „რეალური სივრცე“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან და საინფორმაციო გადაცემის – „მოამბე“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები.
მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების შედეგების შესახებ.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, მის მიერ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულაციებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, ცრუ ბრალდებების ტირაჟირების კამპანია, რომელიც აზიანებს მის იმიჯსა და რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.
ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესს". - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021