
მაღაროელები - ჯანდაცვის სამინისტროს: გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ ან აფთიაქებში უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოთ წამლები
07/04/2025 11:35:26 პოლიტიკა, საზოგადოება
ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, დაუყოვნებლივ გაუგზავნონ ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახდეს აფთიაქში სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები.
მაღაროელები ხაზს უსვამენ, რომ ჭიათურის მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისშია, „ბოლო რამდენიმე კვირა კი სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების პირისპირ დგას საკვების და წამლების მუდმივი დანაკლისის გამო“.
„ბატონო მინისტრო, მოგმართავთ გადაუდებელი საჭიროების გამო და გვაქვს გადაუდებელი დახმარების მოლოდინი.
ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვების შეჩერებით და 3620 დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე დარჩენით.
მოგეხსენებათ, რომ ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, რაც ნიშნავს იმას, რომ მანგანუმის მოპოვებაზე და მაღაროელების შემოსავალზეა დამოკიდებული.
უკვე 5 თვეა მანგანუმის მომპოვებელმა კომპანიამ „ჯორჯიან მანგანეზმა” ყოველგვარი გაფრთხილების ან გეგმის გარეშე შეაჩერა საწარმოს მუშაობა და მესამე თვეა, სრულად შეწყვიტა საწარმოში დასაქმებულების ანაზღაურება.
ჭიათურის მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისშია.
ბოლო რამდენიმე კვირა კი სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეების პირისპირ დგას საკვების და წამლების მუდმივი დანაკლისის გამო.
მოგმართავთ თხოვნით, დაუყოვნებლივ გამოგვიგზავნოთ (ან უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოთ აფთიაქებში) სიცოცხლისთვის აუცილებელი წამლები, რომლებზეც მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება (ჩვენთვის ცნობილ, კრიზისულად საჭირო წამლების ჩამონათვალს ვურთავთ წერილს), ასევე გადაუდებელი საჭიროებაა ბავშვთა ხელოვნურ საკვებზე, რომელზე დამოკიდებულიც არიან ჩვილ ბავშვთა ოჯახები და ბოლოს გვჭირდება აუცილებელი საბაზისო საკვები საყოველთაო შიმშილის შესამსუბუქებლად – ეს შეიძლება იყოს პური, შაქარი, ზეთი, ბურღულეული, კონსერვირებული საკვები და სხვა პროდუქტები.
ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. ეკონომიკური კრიზისის ფონზე თქვენი თანადგომა მატერიალურის გარდა მორალურადაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია მიმართვაში.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა. მაღაროელები მოითხოვენ: უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება;მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია;შეიქმნას ჭიათურის ფონდი;მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.