Accentnews.ge
Daily Express: ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს, სცემეს და ქვეყნიდან არ უშვებენ

Daily Express: ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს, სცემეს და ქვეყნიდან არ უშვებენ

07/04/2025 09:35:00 პოლიტიკა, სამართალი

ბრიტანელი მოქალაქე, 28 წლის დენიელ ტრევისი გამოცემა Daily Express-სთან ამბობს, რომ 2024 წელს საქართველოს საპატიმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ, გათავისუფლების შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. დენიელ ტრევისი ლივერპულელია. ის 13 წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა, გასული წლის სექტემბერში თბილისში ჩამოვიდა.

დენიელ ტრევისი გამოცემა Daily Express-ს უყვება, რომ ის 12 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, მისი ვარაუდით, „პარლამენტში შეჭრის მცდელობის” საბაბით. ის შიშობს, რომ თუ ისევ დააკავებენ, საქართველოს საერთოდ ვერ დატოვებს, ვინაიდან მის ვიზას ვადა 2025 წლის სექტემბერში გასდის.

დენიელ ტრევისი ამბობს, რომ ციხიდან გამოშვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ და „არა-საფრენ” სიაში ჩასვეს.

ის Daily Express-თან ჰყვება, რომ ციხიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოდან გაფრენას ცდილობდა – გაიარა უსაფრთხოების კონტროლი, ხოლო როცა საპასპორტო კონტროლის გასავლელად მივიდა, უთხრეს, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. როდესაც მიზეზით დაინტერესდა, უპასუხეს, რომ „უნდა წავიდეს და თავისი პრობლემა მოაგვაროს”, ხოლო თუ რა პრობლემაზეა ლაპარაკი, მიუთითეს ტელეფონის ნომერზე, სადაც უნდა დაერეკა.

დენიელ ტრევისის თქმით, აღნიშნული ტელეფონის ნომერი პოლიციელის იყო, რომელიც მას აჩერებდა ყოველ ჯერზე, როცა ის საცხოვრებელს ტოვებდა და პასპორტის ჩვენებას სთხოვა.

„მითხრა, რომ მისთვის 1000 ლარი უნდა გადამეხადა. მე წავედი პოლიციაში, გადავიხადე 1000 ლარი. მათ ქვითარი არ მომცეს”. – ამბობს ტრევისი. თანხის გადახდის შემდეგ ის ფიქრობდა, რომ „საქმე დახურულია” და ქვეყნიდან გასვლა კიდევ ერთხელ სცადა. ამჯერად მან საქართველოს საზღვრის ხმელეთით გადაკვეთა სცადა – თურქეთში მეგობართან შესახვედრად ავტობუსით წავიდა. თუმცა, საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მიეცა.

როგორც ყვება, ამჯერადაც უთხრეს, რომ „ვიღაცისთვის უნდა დაერეკა”. ამჯერად დენიელ ტრევისი ირწმუნება, რომ 3000 ლარის გადახდა მოსთხოვეს. თუმცა, უარი თქვა, ვინაიდან, მისი აზრით, თაღლითობის მსხვერპლები ხდებოდა.

ტრევისი Daily Express უყვება, რომ დაუკავშირდა ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში და ახლა ისინი ცდილობენ საკითხის გარკვევას.

გამოცემასთან ბრიტანეთის მოქალაქე იხსენებს, როგორ დააკავეს.

ტრევისის მონათხრობის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში, როცა საპროტესტო აქციებს პოლიცია სასტიკი ძალით უსწორდებოდა, დააკავეს მაშინ, როცა იმ ბარიდან გამოვიდა, სადაც ბარმენეჯერად მუშაობს.

„მათ პარლამენტის შენობაში შემიყვანეს, სადაც პრორუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ინტერვიუ ჩამომართვა. მათ სურდათ, ისე გამოეყვანათ, თითქოს მე შევიჭერი პარლამენტის შენობაში, რაც ძალიან დიდი სისულელეა. შეუძლებელია, შეიჭრა ნებისმიერი პარლამენტის შენობაში, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ძალიან ბევრი პოლიციელი იდგა”. – ამბობს ის.

„მცემეს პარლამენტის შენობაში. მირტყამდნენ ბარძაყებზე, მკლავებზე. არ მირტყამდნენ თვალებში, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში ეს მედიაში მოხვდებოდა. ისინი კრიმინალები არიან”. – ამბობს ახალგაზრდა კაცი. ტრევისი ყვება, რომ ცემის შემდეგ თბილისის საპატიმროში 3 დღის განმავლობაში საკვებს არა აძლევდნენ. მისი თქმით, ადგილი, სადაც მოათავსეს, „ტარაკნებით სავსე საზიზღარი ადგილი იყო”.

შსს-ში კომენტარი არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S