
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 31 მარტი-2 აპრილი
04/04/2025 10:49:39 კონფლიქტები
აფხაზეთში ე.წ. ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ბადრა გუნბას ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, სადაც მან ფიცი დადო ე.წ. პარლამენტის დეპუტატებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების თანდასწრებით. ცერემონია სოხუმში ე.წ. სამთავრობო კომპლექსის დიდ დარბაზში ჩატარდა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ცერემონიას ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, აფხაზეთის „კურატორი“ სერგეი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი სუბიექტების ხელმძღვანელები, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერი ალან გაგლოევი, ასევე ვენესუელისა და ნიკარაგუის ე.წ. ელჩები და დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი. ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, ოპოზიციის ლიდერი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ბადრა გუნბას მთავარი მეტოქე ადგურ არძინბა და „პრეზიდენტობის“ სხვა კანდიდატები, ოლეგ ბარციცი და რობერტ არშბა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სერგეი კირიენკომ 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტი "ნეონაცისტებთან აფხაზეთის ბრძოლად" მოიხსენია და განაცხადა, რომ "დღესაც უკრაინაში სწორედ ნეონაციზმს ებრძვის რუსეთი".
ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კირიენკო აფხაზეთში „საჩუქრებით“ ჩავიდა. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ აფხაზი პენსიონერები ახალი საპენსიო ბარათის აღებას ადგილზე შეძლებენ და რუსეთში გამგზავრება საჭირო არ იქნება (ცნობისთვის: რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2025 წლის 19 მაისიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად პენსიის დარიცხვა მხოლოდ რუსულ საბანკო ანგარიშებზე მოხდება, რაც ნიშნავს, რომ აფხაზ პენსიონერებს პირადად მოუწევდათ რუსეთში გამგზავრება საბანკო ანგარიშის გახსნის მიზნით). ამისთვის აფხაზეთში რუსული ბანკის მობილური ფილიალი გაიხსნება.
კირიენკომ დაადასტურა, რომ 1 მაისიდან სოხუმის აეროპორტი სრულფასოვან ფუნქციონირებას დაიწყებს. მეტიც, ხანტი-მანსიისკისა და ბაშკორტოსტანის ადმინისტრაციებმა პირდაპირი ფრენების შესრულებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
კირიენკომ დაათვალიერა სოხუმში მდებარე დიოსკურიის სანაპირო და განიხილა მისი რეკონსტრუქციის გეგმა, რომელიც რუსეთის დაფინანსებით განხორციელდება. გარდა ამისა, მან ტყვარჩელის საავადმყოფო მოინახულა და სამედიცინო დაწესებულებას ელექტროკარდიოგრაფი გადასცა. კირიენკომ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „პირადი დავალებაა“.
ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა
მისალოცის ტექსტი „ინაუგურაციის“ ცერემონიაზე პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ სერგეი კირიენკომ წაიკითხა. პუტინმა ხაზი გაუსვა მოსკოვსა და სოხუმს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრობას და მოკავშირეობას და იმედი გამოთქვა, რომ ბადრა გუნბას მმართველობის დროს ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. „რუს და აფხაზ მოძმე ერს საერთო ისტორია აკავშირებს“, - დასძინა მან.
ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვია. „გულწრფელად მოხარული ვიქნები, გიხილოთ რუსეთის დედაქალაქში ამ ღირსშესანიშნავ დღეს“, - ნათქვამია მისალოც წერილში.
ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლები რუსულ მართვის მოწმობას გამარტივებული წესით მიიღებენ
2025 წლის 1 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, რუსეთის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე აფხაზეთის მაცხოვრებლები რუსულ მართვის მოწმობას გამარტივებული წესით მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.
"აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვა რუსეთის ფედერაციაში, რუსული მართვის მოწმობა გაიცემა მოქმედი მართვის მოწმობის საფუძველზე, რომლებიც გაცემულია აფხაზეთის რესპუბლიკის უფლებამოსილი ორგანოების მიერ, გამარტივებული წესით (გამოცდების ჩაბარებისა და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გარეშე)", – ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე, აფხაზეთის მაცხოვრებლები რუსეთში გადაადგილებას მოქმედი მართვის მოწმობებით შეძლებენ.
გარდა ამისა, პუტინის განკარგულების თანახმად, რუსული მართვის მოწმობის გაცემა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ იქნება შესაძლებელი.
თებერვლის ბოლო ცნობილი გახდა, რომ 1 აპრილიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონდე რუსეთის მოქალაქეები რუსული მართვის მოწმობის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლას ვერ შეძლებდნენ. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ბადრა გუნბამ აღნიშნული საკითხი ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა და რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთთან მიმართებით ამ რეგულაციების ამოქმედების 2 წლით გადავადების თხოვნით მიმართა. პუტინს უპირობო თანხმობა არ დაუდასტურებია. მან მხოლოდ განაცხადა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალებს, რათა აფხაზეთის მაცხოვრებლებზე მართვის მოწმობა დაჩქარებულად გაიცეს. შესაბამის განკარგულებას მან შეხვედრიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ მოაწერა ხელი.
მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთისთვის ზემოხსენებული რეგულაციების 2026 წლის 1 აპრილამდე გადავადების თაობაზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021