Accentnews.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 20-26 მარტი

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 20-26 მარტი

01/04/2025 02:00:16 კონფლიქტები

სოხუმში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განცხადებას უპასუხეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს, რომელიც სოხუმის აეროპორტის მიმართულებით რუსული ავიაკომპანიების რეგულარული ფრენების აკრძალვას ეხებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობის" თაობაზე ქართველი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით და ბიძინა ივანიშვილის განცხადების ფონზე, რომ "საქართველომ ოსურ მხარეს ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 წლის მოვლენების გამო და მაშინდელი მმართველი გუნდი დასაჯოს", დე ფაქტო ხელისუფლება თბილისისგან „სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობის აღიარების საფუძველზე პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას“ ელოდა.

"ამის ნაცვლად საქართველოს ხელისუფლება დღეს აკეთებს შაბლონურ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ და რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებებს, რომელიც დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელმძღვანელობის ეს მორიგი გამოხტომა წარმოადგენს მცდელობას, ხელი შეუშალოს პროცესებს, რომლებსაც შეუქცევადი ხასიათი აქვს“, - აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ე.წ. საგარეო უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს, „უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, რომელიც 1992-1993 წლების ომის შედეგად შექმნილ პოლიტიკურ რეალიებს დაეფუძნება“.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი ფრენა 7 თებერვალს განხორციელდა, ხოლო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება 1 მაისიდან იგეგმება.

აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის პერსონალურ სანქციებს აპროტესტებს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას გადადგომას ითხოვს

აფხაზეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ნაწილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას გადადგომას ითხოვს. კერძოდ, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ დე ფაქტო ხელისუფლების უმოქმედობით და ითხოვენ საპასუხო ზომების მიღებას კრემლის მიერ ადგილობრივი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დაწესებულ პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით.

ასე, ფონდი „აამთა“, რომლის ხელმძღვანელი არის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი წევრი ნატალი სმირი, აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები არღვევს “აფხაზეთის სუვერენიტეტს და ადამიანის უფლებებს”. განცხადების ავტორები მიმართავენ დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს, ლაშა აშუბას, რუსეთის ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მისცეს, ხოლო ე.წ. ახლად არჩეული პრეზიდენტი ბადრა გუნბასგან მოითხოვენ, მიიღოს სათანადო ზომები, მათ შორის გაათავისუფლოს სერგეი შამბა „საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო“.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახიაცას“ შეფასებით, რუსეთის სანქციები არის „უსამართლო, ხელოვნურ ხასიათს ატარებს და ზიანს აყენებს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს“. „გამაოგნებელია, რომ აფხაზეთის ხელისუფლება შექმნილ ვითარებაზე დუმილს ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა “, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება აფხაზეთის ჟურნალისტთა გაერთიანების თავმჯდომარემ რუსლან ხაშიგმაც გააკეთა და რუსეთში უცხოურ აგენტებად გამოცხადებულ აფხაზ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა. მან კოლეგებს მიმართა რჩევით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის სასამართლოში გაასაჩივრონ. „რა თქმა უნდა, კარგად ვიცი მომავალი პროცესის სირთულე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უცხოური აგენტის სტატუსის გასაჩივრება ერთდროულად არის საკუთარი უფლებების დაცვა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა“, - დასძინა მან.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება აფხაზეთის ინტელიგენციამაც გამოთქვა. კრიტიკული განცხადებები ასევე გააკეთეს „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტმა“ და პოლიტიკურმა პარტიამ „აიდგილარა“-მ, რომელთა ხელმძღვანელებს, საზოგადო მოღვაწეს ლევან მიქაას და მოქმედ ე.წ. დეპუტატს კან კვარჩიას ახლახან რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

გარდა ამისა, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოური აგენტების“ სიაში შეიყვანა კრიტიკულად განწყობილი აფხაზი ჟურნალისტები ინალ ხაშიგი (გაზეთი „ჩეგემსკაია პრავდა“), იზიდა ჭანია („ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი“) და ნიზფა არშბა (საინფორმაციო სააგენტო „აიაშარა“). აღსანიშნავია, რომ ნიზფა არშბას განცხადებით, მას რუსეთის მოქალაქეობა არასდროს ჰქონია და მისთვის გაუგებარია, როგორ და რატომ მოხვდა „უცხოური აგენტების“ სიაში. ამასთან, ცნობილ აფხაზს მუსიკოსს, ბარას კუჯბას, რომელიც ძირითადად რუსეთში მოღვაწეობდა, 10 წლით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

აფხაზურმა ოპოზიციამ გაერთიანების შესახებ განაცხადა

მომდინარე მოვლენების ფონზე, სოხუმში, აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ადგურ არძინბას თავმჯდომარეობით გაიმართა შეხვედრა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ეს გადაწყვეტილება მომავალ წელს დაგეგმილი ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ჯერჯერობით უცნობია, შევლენ თუ არა ახალ გაერთიანებაში ოლეგ ბარციცი და რობერტ არშბა, რომლებმაც ასევე კენჭი იყარეს ბოლო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში.

სოხუმში „ძალოვანი უწყებების ასოციაცია“ შეიქმნა

ოკუპირებულ აფხაზეთში „ძალოვანი უწყებების ასოციაცია“ შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელად დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწე ბატალ აგრბა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ასოციაცია აერთიანებს ე.წ. თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოქმედ თანამშრომლებს, თუმცა ის სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსით იმოქმედებს. ასოციაციის ძირითადი ფუნქციები ძალოვანი სტრუქტურების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება იქნება.

ახალი ორგანიზაციის შექმნას ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი რეგულაციები კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციის დაარსებას ე.წ. საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S