ცხინვალი - წულუკიანის "საგამოძიებო კომისიას": "ომის გაჩაღებაში დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ"
29/03/2025 18:04:10 კონფლიქტები
ცხინვალი "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და მოითხოვს, "2008 წლის ომის გაჩაღებაში დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ".
როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "სამხრეთ ოსეთისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მაცხოვრებლის, რუსი და ოსი სამშვიდობოების დაღუპვა, ასევე რესპუბლიკის ათასობით მკვიდრისთვის ტანჯვა მოჰყვა, იყო და რჩება მოუშუშებელ იარად და შესაბამისად, უდავოა, რომ ამ სამხედრო აგრესიის გამჩაღებელი დამნაშავეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში შეჭრის, სამშვიდობოებზე თავდასხმის, ოსი ხალხის გენოციდის აქტების განხორციელების ბრძანებებს გასცემდნენ, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ".
როგორც ცხინვალში აღნიშნავენ, "დრო გვიჩვენებს, რამდენად ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება ამჟამინდელი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებას, თუმცა ცალსახაა ჰაიდი ტალიავინის საერთაშორისო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, აგრესორი საქართველოა".
"ზუსტად ასევე ნათელია ოსი ხალხის არჩევანი - დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, რუსეთთან, როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტთან და სხვა მეგობრულ ქვეყნებთან ურთიერთობების ყოველმხრივი განმტკიცება. 2008 წლის აგვისტო ცალსახა დემონსტრირება იყო იმისა, ვინაა ოსი ხალხის მეგობარი და ვინ მტერი" - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში "ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, საქართველოს ფაქტობრივმა მმართველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2008 წელს ნაომარ გორში გამართულ წინასაარჩევნო შეკრებაზე ოსებისთვის ბოდიშის მოხდა დააანონსა - "აუცილებელია, ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა და ბოდიში მოვიხადოთ იმისთვის, რომ 2008 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოსი დები და ძმები ცეცხლის ალში გახვიაო". მას შემდეგ გასული თვეების განმავლობაში "ოცნებას" ამ თემაზე ხმა აღარ ამოუღია, რადგან ივანიშვილის იმ განცხადებას ქართულ საზოგადოებაში აშკარა პროტესტი მოჰყვა. თუმცა ცოტა ხნის წინ მოსკოვმა "ოცნებას" ივანიშვილის ის წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და მისი აღსრულების აუცილებლობაზე მიანიშნა, რასაც "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში ე.წ. "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულების დროებითი საგამოძიებო კომისიის" მუშაობის დაწყება, ორიოდ დღის წინ კი ამ კომისიის უფლებამოსილების გაფართოებაც მოჰყვა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021