
სოხუმი რუსების მიერ აფხაზებისთვის ფსოუზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება
21/03/2025 07:24:41 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ცნობებს რუსების მხრიდან ფსოუს "საგუშაგოზე“ შეზღუდვების შემოღების თაობაზე.
-
- მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ეხებათ აფხაზეთის "მოქალაქეებს“, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც გააჩნიათ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზური "პასპორტით“ კვეთენ დე-ფაქტო საზღვარს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ რუსეთის პროფილურ უწყებებთან მიმდინარეობს კონსულტაციები. მოცემულ მომენტში აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთის რეჟიმთან დაკავშირებით არავითარი ცვლილება არ მოქმედებს“, - აცხადებენ სოხუმში.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, დე ფაქტო საზღვრის კვეთის პროცედურა რეგულირდება 2009 წლის 2 ოქტომბრის "სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“, რომლის მიხედვით, "მოქალაქეებს შეუძლიათ, გამოიყენონ პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს „აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობას“.
„აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მანამდე გამოჩნდა. 2024 წლის თებერვალში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კრასნოდარის მხარის დირექტორმა კომენტარი გამოაქვეყნა, რომლითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები "ფსოუს საგუშაგოს“ გადაკვეთას მხოლოდ რუსული პასპორტებით შეძლებდნენ.
„რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც სხვა მოქალაქეობაც აქვთ, რუსეთის სახელმწიფო საზღვარს რუსული პასპორტით კვეთენ“, - აღნიშნული იყო მის კომენტარში.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის გადაწყვეტის საკითხი დააყენა.
„დარჩენილია მექანიზმის განსაზღვრა, რომელიც დაუშვებს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის - რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებასაც. იცით, რომ თქვენი მხარდაჭერით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეცაა. არიან ადამიანები, რომლებმაც ამ შესაძლებლობით სარგებლობა ვერ მოასწრეს. თუ ის შენარჩუნდება, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ შესაბამისი პროგრამა განხორციელებულიყო“, - თქვა გუნბამ.
პუტინმა განაცხადა, რომ პროგრამა გაგრძელდება, შესაბამისი საკითხები „დამუშავდება“.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, აფხაზეთში მცხოვრები 243 ათასი ადამიანიდან 130 ათასს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021