
აშშ-ის კონგრესში ტრამპის სიტყვით გამოსვლის ძირითადი აქცენტები
05/03/2025 08:42:39 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით პირველად გამოვიდა.
მან ისაუბრა პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი ექვსი კვირის მიღწევებზე და მომავალი 4 წლის განმავლობაში დასახულ გეგმებზე.
„ამერიკა დაბრუნდა!.. ჩვენ 43 დღეში უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე უმეტესმა ადმინისტრაციებმა მიაღწიეს ოთხ წელში ან რვა წელში და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს.
- ტრამპის სიტყვით გამოსვლის ძირითადი აქცენტები:
ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკა: აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სიტყვაში დიდი ადგილი დაუთმო თავისი წინამორბედის, დემოკრატი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას.
მან ბაიდენის ადმინისტრაია გააკრიტიკა, მათ შორის "HIPS and Science Act" [ აქტი ითვალისწინებს დაახლოებით 280 მილიარდი დოლარის ახალ დაფინანსებას შეერთებულ შტატებში შიდა კვლევისა და ნახევარგამტარების წარმოების გასაძლიერებლად] გამო, რომელიც მიღებულ იქნა ორპარტიული უმრავლესობით 2022 წელს. მისივე თქმით, გაუქმებულია ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული „ელექტრო მანქანის მანდატი“. თუმცა, როგორც ამერიკული მედია იუწყება, ეს მანდატი არ უკრძალავდა ამერიკელებს ბენზინზე მომუშავე მანქანების შეძენას. ამასთან, მან ისაუბრა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ–ის გაყვანის საკითხზე.
უკრაინა: 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის და მინერალურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის. მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს „ისტორიულ ზომებს მიიღებს კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი მიწის ლითონების წარმოების მკვეთრად გასაფართოებლად“ აშშ–ში. ტრამპის თქმით, ამავე დროს მან რუსეთისგან მიიღო „ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის".
DOGE და ფედერალური მუშაკები: ტრამპმა კიდევ ერთხელ შეაქო მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებით მართავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE). ტრამპმა თქვა, რომ „აქ ყველა“ აფასებს ახალი სააგენტოს ძალისხმევას - დემოკრატების ჩათვლით. სანამ მისი ადმინისტრაცია მიიწევს ფედერალური სამუშაო ძალის რესტრუქტურიზაციისკენ, ტრამპი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ მუშაკები წინააღმდეგობას გაუწევენ მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას, ისინი გაათავისუფლებულები იქნებიან. მასკის ხელმძღვანელობით აშშ-ში დაიწყო ფედერალური უწყებების თანამშრომლების შემცირება და ზოგიერთი უწყების საერთოდ დახურვა.
ეკონომიკა: დონალდ ტრამპის ტქმით, მის უპირველეს პრიორიტეტებს შორის ეკონომიკის გაუმჯობესება.
"წინა ადმინისტრაციისგან ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ეკონომიკური კატასტროფა და ინფლაციის კოშმარი. მათმა პოლიტიკამ ასწია ფასები ენერგოსექტორზე, გაზარდა სასურსათო პროდუქტების ღირებულება და მილიონობით ამერიკელისთვის მიუწვდომელი გახადა სიცოცხლისთვის აუცილებელი საჭიროებები. ჩვენ განვიცადეთ ყველაზე მძიმე ინფლაცია ბოლო 48 წლის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა, მთლიანად ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც კი. როგორც პრეზიდენტი, ყოველდღე ვიბრძვი იმისთვის, რომ გამოვასწორო ეს ზიანი", - განაცხადა მან.
ტრამპმა ბოლო დროს ქვეყანაში ქათმის კვერცხის ფასების ზრდაში ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა, თუმცა, როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ფასის ზრდა ფრინველის გრიპმა გამოიწვია, რადგან შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ითხოვს მთელი ფრინველების დახოცვას, რათა შეაჩეროს გავრცელება, თუ ფრინველთა ფერმაში ვირუსი გამოვლინდა.
ტარიფები: ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ქვეყნები სავაჭრო ტარიფებს აშშ-ის წინააღმდეგ ბოროტად იყენებენ. „ახლა დადგა დრო, ჩვენ გამოვიყენოთ ტარიფები სხვების წინააღმდეგ“, თქვა მან და აღნიშნა, რომ 2 აპრილიდან შეერთებული შტატები საპასუხო გადასახადებს დაუწესებს სხვა ქვეყნებს. ის ასევე დაიმუქრა, რომ ამერიკა არამონეტარულ მეთოდებსაც გამოიყენებს თავისი მიზნების მისაღწევად.
საზღვრები და მიგრანტები: ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა, რომ მისი მმართველობის პერიოდში "აშშ–ში 21 მილიონი ადამიანია შესული არალეგალური გზებით". „არაფერია აშშ-ის საზღვრების დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, "ამ ადამიანებს შორის ბევრი ბოროტმოქმედია". „მაგრამ ჩვენ მათ გავყრით და გავყრით სწრაფად!“ - დასძინა ტრამპმა.
„ჩვენი სასამართლო სისტემა თავდაყირა დააყენეს რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა“, თქვა მან და პირობა დადო, რომ ამ ვითარებას გამოასწორებს. „ჩვენ კანონი და წესრიგი უნდა დავუბრუნოთ ჩვენს ქალაქებსა და დაბებს“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გრენლანდია და პანამის არხი: ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი სურვილი გააკონტროლოს გრენლანდია. „ჩვენ ვმუშაობთ ყველა მონაწილესთან, რათა ვცადოთ ამის მიღწევა“, – დასძინა მან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო პანამის არხის აშშ–ის კონტროლის ქვეშ დაბრუნების პროცესი.
სქესი: ტრამპმა გაილაშქრა სქესის შეცვლის წინააღმდეგ. მისი თქმით, ის კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც სამუდამოდ გამოაცხადებს კანონგარეშედ ბავშვებისთვის სქესის შეცვლას.
მან ასევე ისაუბრა მის განკარგულებაზე, რომლის თანახმად, ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობა ეკრძალებათ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021