
ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა: "წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია"
04/03/2025 09:00:06 საზოგადოება
თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ, საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ. საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს.
ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას.
გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ - საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა
ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხენ და ვერ შეგვაჩერებენ, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ - ჩვენ გვაქვს სიყვარული!“- წერს გიორგი ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილს 2023 წლის ივლისიდან აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და საქართველოს საზღვრის კვეთა, ასევე, ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი. სად გაემგზავრა ბაჩიაშვილი და რა გზით ჯერ–ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის: დღეს 9:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იყო დანიშნული, რომელიც 14:00 საათამდე გადაიდო.
გიორგი ბაჩიაშვილს ორ საქმეზე – „კრიპტოვალუტების მითვისების“ საქმესა და „მტკვარი ჰესის“ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის ბიტკოინის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა.„მტკვარი ჰესის“ საქმეზე, ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს და ამ შემთხვევაშიც გირაო შეუფარდეს - ამჯერად 50 000 ლარი.
ახალი ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
„კრიპტოვალუტების საქმეზე“ მას 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.