
სროლა აფხაზეთში: რუსეთმა საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა
01/03/2025 20:54:15 კონფლიქტები
"აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეობების მქონე პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტში სხვადასხვა, მათ შორის ტერორიზმის მუხლებით საქმეები აღიძრა" - განაცხადა კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.
საქმე ეხება დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას გაგრის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტს, ასევე მიუსერის ხიდზე სამართალდამცველებთან მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელთა შედეგად ორი პირია დაჭრილი.
"ვიძიებთ რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეობის მქონე რუსული, აფხაზური და სომხური ეროვნების პირთა მიმართ მუქარის ფაქტებს და გამოძიებაში სერიოზული წინსვლა გვაქვს. კერძოდ, გაგვიჩნდნენ ახალი ეჭვმიტანილები. თუმცა დღეს, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეორე ტურის მსვლელობისას რუსეთის მოქალაქეებზე, რომელთაც ამავდროულად აფხაზეთის მოქალაქეობაც გააჩნიათ, თავდასხმების ახალი ფაქტები დაფიქსირდა. ამასთანავე, დაფიქსირებულია მათ მიმართ მუქარის რამდენიმე ფაქტი, ისევე, როგორც საარჩევნო ურნების დაზიანებით მოქალაქეთა მიერ ნების თავისუფლად გამოხატვისთვის ხელის შეშლის შემთხვევები. ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტისას ადგილი ჰქონდა სამართალდამცველთა მისამართით სროლას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. თავდამსხმელთა ნაწილი დაკავებულია. ეჭვმიტანილთა მნიშვნელოვანი ნაწილი დადგენილია რუსი და აფხაზი სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ხსენებულ ინციდენტებთან კავშირში მყოფი ყველა პირის დასაკავებლად" - აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მოგვიანებით რუსული უწყების ტელეგრამ-არხზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბანზე თავდამსხმელ იმ პირთა შორის, რომლებმაც ავტომატური იარაღიდან სამართალდამცველებს გაუხსნეს ცეცხლი, ერთ-ერთის ვინაობა დადგენილია - საპასუხო ცეცხლის შედეგად დაჭრილი ნურიკ სმირი ამჟამად კლინიკაში გადის მკურნალობას, მისი თანამზრახველების დასაკავებლად კი ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება".
აფხაზური ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირი აფხაზეთის "პრეზიდენტობის" ოპოზიციონერი კანდიდატის - ადგურ არძინბას ნათესავია.
ცნობისთვის: ამ დროისთვის აფხაზეთში საარჩევნო ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.
"არჩევნების" მეორე ტურში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: ოპოზიციონერი ადგურ არძინბა და კრემლის ფავორიტი ბადრა გუნბა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021