
მედია: უკრაინას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირიც სთავაზობს
25/02/2025 11:42:54 მსოფლიო
აშშ–ის გარდა, უკრაინას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირიც სთავაზობს, – იუწყება "პოლიტიკო".
როგორც გამოცემა „ფიგარო“ და სააგენტო „ფრანს პრესი“ წერენ, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს წინადადება გააცნო ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში სტეფან სეჟურნემ, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად 24 თებერვალს კიევში იმყოფებოდა.
სეჟურნეს განცხადებით, უკრაინას შეუძლია, ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის საფუძველზე ევროპას მისცეს მისთვის საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი 30 მასალიდან 21.
"შეთავაზება ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ევროკავშირი არასდროს მოითხოვს შეთანხმებას, რომელიც ურთიერთმომგებიანი არ იქნება", – განაცხადა ევროკომისარმა.
24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ვაშინგტონში გეგმავს შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების შესახებ.
იმავე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებულ შტატებს შესთავაზა ერთობლივი მუშაობა იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021