
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 11-13 თებერვალი
22/02/2025 20:47:41 კონფლიქტები
ე.წ. პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რუსეთის მიერ აფხაზეთის “სუვერენიტეტის” წართმევაზე ისაუბრა
აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში “პრეზიდენტობის კანდიდატებს” შორის ბოლო დებატები გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი “პროგრამები” წარადგინეს და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. დებატებზე ყველაზე მოულოდნელი ერთ-ერთი „კანდიდატის“, ადგურ ხურხუმალის განცხადება აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთს ფაქტობრივად წაართვა „დამოუკიდებლობა“, როდესაც ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა“. მან აღნიშნა, რომ დღეს აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია, თავისი ინტერესების მიმართ პატივისცემას მიაღწიოს.
„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მეზობელი. ჩვენ ბოლოსდაბოლოს უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი შეხედულებების მიმართ პატივისცემა. ეს დღეს არ არის. დღეს ჩვენ ვართ დამოკიდებული. როდესაც რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, წაგვართვა იგი. რატომ დავთმეთ ის?" - აღნიშნა მან. მისივე თქმით, აფხაზეთმა “პერიმეტრის ირგვლივ საზღვრები უნდა დაკეტოს” და “მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია”. მოგვიანებით მან განმარტა, რომ “საზღვრების დაკეტვაში” არა ფიზიკური იზოლაცია იგულისხმა, არამედ ხაზი გაუსვა აფხაზეთის თვითკმარობის განმტკიცების მნიშვნელობას.
ე.ს. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 15 თებერვალს გაიმართება. კანდიდატები, რომლებიც “არჩევნებში” კენჭს იყრიან, ასევე არიან ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ასლან ბჟანიას გუნდის წევრი ბადრა გუნბა, ყოფილი დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი, ოპოზიციური „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა, აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში ოლეგ ბარციცი და დე ფაქტო კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა.
მეხუთე „კანდიდატი“ ადგურ ხურხუმალი არის აფხაზეთში მოქმედი შავი ზღვის განვითარების ბანკის დირექტორი. მას არ გააჩნია პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება და ამდენად, სხვა „კანდიდატებისგან“ განსხვავებით, აფხაზური საზოგადოებისთვის უცნობია.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოდისეი ბიგვავა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მაგდალენა გრონოს (ევროკავშირი), ჯიჰან სულთანოღლუს (გაერო) და კრისტოფ ერნსტ სპატის (ეუთო) შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოდისეი მიგვავამ აღნიშნა, რომ შეხვედრა “საპრეზიდენტო არჩევნების” წინ იმართება. მისივე თქმით, აფხაზური საზოგადოება მოწადინებულია, ხელი შეუწყოს აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” განმტკიცებას და რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას.
ტრადიციულად, დე ფაქტო ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა თბილისთან ძალის გამოუყენებლობის თაობაზე იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმების საჭიროებას. ყურადღება ასევე გამახვილდა გალის ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საკითხებზე და მისი განახლების ხელშემშლელ ფაქტორებზე.
ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 4-5 მარტს გაიმართება.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. მინისტრს ჯანსუღ ნანბას დაავალა, კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზის ნაკადზე კონტროლის დაკარგვაში დამნაშავე პირები გამოავლინოს.
"გაკეთდა გადაყვანა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქვესადგურზე და დღეს ჩვენ აღარ გვაქვს შესაძლებლობა, გავარკვიოთ, რა გადადინებები ხორციელდება ამ ხაზით. როგორ შეიძლებოდა ამის დაშვება?! ვინ გასცა ამაზე თანხმობა?! როგორ გადაკვეთეს მათ საზღვარი?! ეს ხომ მასშტაბური სამონტაჟო სამუშაოებია და არა ხის ორ ბოძს შორის მავთულის გაბმა... როგორ მოხდა, რომ ეს ხაზი თითქოს ჩვენს ბალანსზეა, მაგრამ ჩვენს დაუკითხავად ფაქტობრივად, გადის ჩვენი კონტროლიდან?" - მიმართა დე-ფაქტო მინისტრს ბგანბამ.
საპასუხოდ ნანბამ განმარტა, რომ "არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ჩატარებულ სამუშაოებს დაადასტურებდა და აღწერდა".
"ადრე კავკასიონის გადამცემი ხაზი ენგურჰესის კომპლექსის ნაწილად ირიცხებოდა, მაგრამ სადღეისოდ გაყვანილია მისი შემადგენლობიდან, რაც გვართმევს შესაძლებლობას, ტექნიკური ზეგავლენა ვიქონიოთ პროცესებზე, რომელიც ამ ხაზზე მიმდინარეობს" - აღნიშნა მან.
ბგანბამ გასცა ბრძანება, ჩატარდეს ხაზის დათვალიერება და გაირკვეს, "აქვს თუ არა აფხაზეთს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ელექტროენერგიის მიწოდება იმ დრომდე, სანამ ყველაფერი აფხაზეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი".
"ჩვენ პრაქტიკულად ვკარგავთ კავკასიონს! ვამბობთ, "ჩვენიაო", მადლობა ღმერთს, ბალანსზეა დაყენებული, მაგრამ რა და როგორ გადაედინება ამ ხაზით - წარმოდგენა არ გვაქვს. კავკასიონის დაკარგვას ვერ დავუშვებთ, რადგან ეს არის უზარმაზარი რეზერვი გამოსაყენებლად" - განაცხადა ბგანბამ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიონის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც ელექტროენერგია რუსეთიდან დანარჩენ საქართველოს მიეწოდება, ხოლო მისი დაახლოებით 35 კილომეტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადის, დე ფაქტო ხელისუფლების ყურადღების ცენტრში როგორც “ტრანზიტის” პოტენციური მოგების წყარო გასული წლის ნოემბერში ენერგოკრიზისის დროს მოექცა.
აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს. კერძოდ, ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროს თქმით, ამჟამად რეგულარული ფრენების დანიშვნაზე მუშაობა მიმდინარეობს კომის რესპუბლიკასთან, ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქსა და იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქთან. “დარწმუნებული ვართ, რომ ეს აფხაზეთის სატრანსპორტო კავშირებს და ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს”, - აცხადებენ “სამინისტროში”.
გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლით დაინტერესებულია ნიჟნი ნოვგოროდი, რის თაობაზეც ქალაქის მერმა სოხუმში ახლახან განხორციელებული ვიზიტის დროს განაცხადა.
ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა ე.წ. არჩევნებში უცხოურ ჩარევაზე საუბრობს
აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტობის“ კანდიდატის ადგურ არძინბას „საარჩევნო შტაბმა“ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, დმიტრი კუჩუბერიას მოახლოებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ უსაფრთხოებისა და კანონიერების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.
არძინბას „შტაბის“ მტკიცებით, ბოლო დროს გახშირდა ცნობები “საარჩევნო პროცესში” უცხოელი პოლიტტექნოლოგების შესაძლო ჩარევის შესახებ. „მათი საქმიანობა შესაძლოა არჩევნებზე უკანონო ზეგავლენისკენ იყოს მიმართული, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ხალხის ერთიანობას და დემოკრატიულ პრინციპებს,“ - წერია მიმართვაში.
შტაბის წევრები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პირები შედეგების გაყალბებასაც შეეცდებიან, რათა ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება არ დაუშვან. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგურ არძინბას შტაბი დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურისგან მოითხოვს, გააკონტროლოს რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილება და დაუყოვნებლივ აღკვეთოს “საარჩევნო” პროცესში ნებისმიერი ჩარევის მცდელობა.
ადგურ არძინბას შტაბმა დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართა, სადაც არჩევნების დღეს შესაძლო დაშინებაზე, მოსყიდვაზე და ამომრჩევლებზე სხვა ზემოქმედებაზე, ასევე საარჩევნო პროცესით შესაძლო მანიპულირებაზე გაამახვილა ყურადღება. შტაბის წევრებმა ე.წ. ცესკოს უკანონო ქმედებების აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021