Accentnews.ge
ნოემბრის ბოლოდან დღემდე "ბორდერიზაციის" 11 ახალი ფაქტი, 2,5 წლით უკანონო პატიმრობაში გაშვებული 2 ქართველი – რა გაირკვა ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ

ნოემბრის ბოლოდან დღემდე "ბორდერიზაციის" 11 ახალი ფაქტი, 2,5 წლით უკანონო პატიმრობაში გაშვებული 2 ქართველი – რა გაირკვა ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ

14/02/2025 15:05:20 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების რიგით 123-ე შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს ორ მოქალაქეს 2,5 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, კიდევ ოთხი მოქალაქე ე.წ. სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე გაუზიარეს ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს იასონ გენგიურსა და სერგო მერებაშვილს მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე ელოდება ე.წ. სასამართლოს განაჩენს.

"წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც უფრო ხანგრძლივი ე.წ. პატიმრობა ყოფილა მისჯილი, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში", - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ირაკლი ანთაძემ.

უკანონოდ დაკავებულებს დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებოდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ ფაქტზე. ასეთი კი, ნოემბრის ბოლოდან დღემდე, 11 ფაქტი აქვს აღნუსხული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ანთაძის განცხადებით, მსჯელობის დროს გააქტიურეს თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხიც:

"ამ საკითხზეც პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის ცენტრალური ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტი. როგორც თამაზ გინტურის ასევე, ჩვენი ყველა თანამოქალაქის შემთხვევაში რომელიც მოკლული იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე".

რაც შეეხება, ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანის საკითხს, რასაც რუსეთი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები დროდადრო ააქტიურებენ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის სრულ თანხვედრაში ჩვენი პარტნიორების მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან, ვინაიდან ჟენევის დისკუსიების ჩატარების ერთადერთი ადგილი გახლავთ ჟენევა ეს დისკუსიები ტარდება გაერო–ს ჟენევის ოფისში და ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ სხვა ვარიანტს".

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაერო–სა და ეუთო–ს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ისა და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.

2009 წელს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გადაწყდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) შექმნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S