
ამაღლობელისთვის პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო
14/02/2025 12:49:14 საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო.
საია გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.
"ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.
არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს.
ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს.
სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ". - წერს ორგანიზაცია.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 34-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.