
"ოცნების" გუნდი საქართველოში ბიზნეს-ასოციაცია "ქართულ-რუსულის" შექმნას მიესალმება
25/01/2025 12:32:35 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოში "ქართულ-რუსული" ბიზნეს-ასოციაცია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. აღნიშნული bm.ge-ს თავად ბიზნესმენმა დაუდასტურა.
მისივე მტკიცებით, ასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებულები და "ამ საქმის უკან საქართველოს დაახლოებით 600-700 ათასი მოქალაქეა".
როგორც ნიშნიანიძე აღნიშნავს, ასოციაციის წევრთა პირველი შეხვედრა უკვე ჩატარდა და მასზე დაახლოებით 60 ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ მისულები - ძირითადად მეღვინეები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები.
"ფაქტობრივად, ამ ხალხს ყურადღება ნამდვილად აკლია, რადგან თემა ტაბუდადებულია ზოგადად და ბიზნესიც ხვდება ამ წნეხში. ახლა კი შევეცდებით, იქნებ ინსტიტუციონალურად ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. ვიმეორებ, ძალიან ბევრი ხალხია ამ საქმით დაკავებული. [...] მაგალითად, ბადრი კაკაბაძე, რომელიც საქართველოშიც და რუსეთშიც საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია; მარად შაიდიევი, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს ორივე ქვეყანაში; ლევან და თემურ ანჩაბაძეები, ჯიმი ჩხაიძე... იყვნენ სხვა ბიზნესმენები და მეწარმეებიც. რუსეთის მხრიდან არის რაღაც მოძრაობები, ბევრ ადამიანს უნდა შემოერთება, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი" - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბიზნესრეესტრის თანახმად, 2025 წლის 17 იანვარს მან ყველა აქტივი შვილზე - დიმიტრი ნიშნიანიძეზე გადააფორმა, როგორც ბიზნესმენი ირწმუნება, ამაში განსაკუთრებული არაფერია, "10-15 წელია, აღარ არის აქტიურ ბიზნესში და ცდილობს, რაც შეიძლება, მეტად ჩართოს შვილები პროცესში".
"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი "ქართულ-რუსული" ბიზნესასოციაციის შექმნას მიესალმება და ამბობს, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად ადვილია. ამის შესახებ მან BMG-ს კვირის დასაწყისში განუცხადა. როდესაც მაშინ ახალ ასოციაციაზე ჰკითხეს, თქვა, რომ ინფორმაციას არ ფლობდა, თუმცა ისაუბრა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, თუ იქნება ასოციაცია, რომელიც ამ ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
"ვერ გეტყვით [ახალ ასოციაციაზე], მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, არსებობს ასეთი ასოციაციები სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის - მგონი, რუსეთთანაც. რა თქმა უნდა, შეიძლება, ახალი ასოციაციაც შეიქმნას. თუ ისეთი ბიზნესსაბჭო ან ასოციაციები იქნება, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს, ჩვენთვის მისასალმებელია, იმიტომ, რომ ორგანიზებულ ბიზნესთან კოორდინაცია ბევრად უფრო ადვილია ხოლმე. ამიტომ, ჩვენ ასეთ ინიციატივებს, როგორც წესი, ვახალისებთ. იცით, რომ არის, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებთან, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასეთი ასოციაციები არის",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ რუსეთი, პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე, სპეციფიკური, თუმცა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
"სავაჭრო ნაწილში ჩავთვალოთ, რომ [რუსეთი] მნიშვნელოვანი პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სპეციფიკური პარტნიორი ბევრი შეზღუდვიდან და პოლიტიკური წინაპირობებიდან გამომდინარე. ჩვენ იცით, რომ გვაქვს წითელი ხაზები პოლიტიკურ ნაწილში, მათთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ამიტომ, ესაა რეალობა, რომელსაც ვითვალისწინებთ. აქედან გამომდინარე, ასეთი ასოციაციები თუ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემატიკაზე იმუშავებენ, რა თქმა უნდა, ეს კარგია. სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში, პოლიტიკურ დონეზე არ გვაქვს დიალოგი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ესაა მოცემულობა. ამის ფონზე, წლების განმავლობაში შევძელით, რომ ფაქტობრივად ემბარგოს რეჟიმიდან გადავედით დაბალანსებულ სავაჭრო ურთიერთობამდე, რაც საქართველოსთვის იყო პირველ რიგში საინტერესო იმიტომ, რომ ნულოვანი ექსპორტი მილიარდზე მეტით შევცვალეთ და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჩვენს სასარგებლოდ შევატრიალეთ. ეს იყო ძირითადად კერძო სექტორზე დაფუძნებული. თუ ამ შემთხვევაში კერძო სექტორი არის უფრო ორგანიზებული და უფრო შედეგიანია, რა თქმა უნდა ეს არის კარგი",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა BMG-სთან საუბრისას.