
სლოვაკეთში ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა
24/01/2025 21:47:02 ევროპა
24 იანვარს სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ლოზუნგით "სლოვაკეთი ევროპაა". ასე აპროტესტებენ მოქალაქეები პრემიერ რობერტ ფიცოს მთავრობის პრორუსულად მიჩნეულ პოლიტიკას.
"კმარა ფიცო", "ჩვენ ევროპა ვართ" - მსგავსი შეძახილები ისმოდა ბრატისლავაში, თავისუფლების მოედანზე, სადაც სამოქალაქო ინიციატივის "მშვიდობა უკრაინას" და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე 60,000-მდე მოქალაქე შეიკრიბა.
თავად ფიცო ოპოზიციას "გარედან მართული გადატრიალების მზადებაში" ადანაშაულებს და ამ კუთხით პარალელებს საქართველოსა და უკრაინის მაიდანთან ავლებს. კერძოდ, 22 იანვარს სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ სლოვაკურ ოპოზიციას "არ სურს სამართლიანი პოლიტიკური ბრძოლა", რომ "ხელისუფლებისთვის ცნობილია მისი გეგმები სამთავრობო უწყებების დაკავების შესახებ" და რომ ამჟამად მის ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მისაღწევად "მოქმედებს ექსპერტთა იგივე ჯგუფი, რომელსაც კავშირი ჰქონდა საქართველოს მოვლენებსა და უკრაინულ მაიდანთან".
"ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც როგორც საქართველოში მიმდინარე პროტესტთან, ისე თავის დროზე უკრაინულ მაიდანთან ჰქონდა კავშირი, ამჟამად სლოვაკეთის ხელისუფლების მხრიდან გაძლიერებული დაკვირვების ქვეშაა" - აღნიშნა მან.