
აფხაზურმა "სასამართლომ" საქართველოს "ჯაშუშს" 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
22/01/2025 08:15:46 კონფლიქტები, სამართალი
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში" ბრალდებულ კახა მურადოვს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის ვადის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. განაჩენი 21 იანვარს გამოცხადდა.
მურადოვს "სახელმწიფო ღალატსა" და "იარაღის უკანონო ბრუნვას" ედავებოდნენ. მას ბრალი არ უღიარებია, - იუწყება დე-ფაქტო პროკურატურა.
დე-ფაქტო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალდებულს "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა" აქვს, თუმცა გასულ წელს, მისი დაკავების შემდეგ აფხაზურ "უშიშროების კომიტეტში" ირწმუნებოდნენ, რომ მურადოვს ასევე ქართული პასპორტიც გააჩნდა.
დაკავების შესახებ გასული წლის მაისში გახდა ცნობილი. დე-ფაქტო უშიშროებამ გამოაქვეყნა მურადოვის როგორც დაკავების, ისე დაკითხვის ვიდეოჩანაწერები, რომელშიც იგი, კერძოდ, ქართული უშიშროების თანამშრომლებთან კავშირის შესახებ საუბრობს.
"მურადოვის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოჩენილია ტექნიკური საშუალებები, რომელიც ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში მის ჩართულობაზე მიუთითებს. ბრალდებული ცდილობდა, აფხაზეთის მაცხოვრებლები ჩაება საქმიანობაში, რომელიც, მათი შეფასებით, საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ იქნებოდა მიმართული. კითხვაზე, სად მალავდა ქართულ პასპორტს, მურადოვმა განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრებ ნათესავებთან, თუმცა მათი ვინაობების დაკონკრეტება არ ისურვა" - წერდა მაშინ ადგილობრივი მედია.
მისივე მტკიცებით, მურადოვს კონტაქტი ჰქონდა "საქართველოს ყოფილი სახელმწიფო საბჭოს გაგრის ბატალიონის ყოფილ ხელმძღვანელთან, რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფება "მხედრიონის" წევრებთან, ასევე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის წინააღმდეგ დაქირავებულ მებრძოლებთან".
"მას დაავალეს, ეთვალთვალა მატარებლებისთვის, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის მხრიდან შედიან, იმის გასარკვევად, შემოდის თუ არა რესპუბლიკაში ჯავშანტექნიკა ან სხვა სახის მძიმე საბრძოლო ტექნიკა" - იუწყებოდა მაშინ აფხაზური მედია.
საქართველოს ხელისუფლება მურადოვის განაჩენს ჯერ არ გამოჰხმაურებია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021