Accentnews.ge
 რა კავშირია ნატო-ს წევრობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაოკუპირებულისგან გამიჯნვას შორის

რა კავშირია ნატო-ს წევრობასა და ოკუპირებული ტერიტორიების არაოკუპირებულისგან გამიჯნვას შორის

09/04/2019 09:27:48 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის წევრებს ნატო–ს გაფართოების კონკრეტული ხედვა შესთავაზა ქვეყნებისთვის, რომელთაც ტერიტორიული დავები აქვთ. როგორც რასმუსენმა ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, ნატო-ს შეუძლია, კვიპროსის ევროკავშირთან გაწევრიანების მოდელს მიჰყვეს.

ევროკავშირმა კვიპროსი თავის რიგებში 2004 წელს მიიღო. თუმცა გაკეთდა დათქმარომჩრდილოეთ კვიპროსზერომლის სუვერენიტეტიც თურქეთს აქვს აღიარებული და იქ 40 000–იანი სამხედრო კონტინგენტი ჰყავს განთავსებულიარ ვრცელდება ევროკავშირის ნორმებიმანამსანამ ეს ტერიტორია არ გამთლიანდება.

რონდელის ფონდის მკვლევარ დავით ბატაშვილის შეფასებით, მთავარი პოლიტიკური ნებაა, წევრობის მოდელი კი მხოლოდ ტექნიკური საკითხია:   

„პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას. ამას შეიძლება, ეწოდოს "კვიპროსის მოდელი" ან სხვა რამ, - ტერმინოლოგია არსობრივად, ტექნიკური საკითხია. ფუნდამენტურად კი, საქმის არსი ისაა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ისევე შესაძლებელია, როგორც გერმანიისა 1955 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი კომუნისტური ოკუპაციის ქვეშ იყო და ლეგიტიმური ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთს აკონტროლებდა. რეალურად, ყველაფერი დამოკიდებულია ნატო–ს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ნებაზე, უპირველს ყოვლისა კი - გერმანიის. 2008 წელს ხომ სწორედ გერმანიის პოზიცია იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებას ხელი შეუშალა. იმ შემთხვევაში, თუ გერმანია და ნატო–ს სხვა წევრები არსებითად დასთანხმდებიან საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, სხვა დანარჩენი უკვე წმინდა ტექნიკური საკითხი იქნება“.

კვიპროსის მოდელის“ რისკები 

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტ გიორგი გობრონიძის დაკვირვებით, კვიპროსის მოდელი საინტერესოა, თუმცა მსგავს გადაწყვეტილებებს ფრთხილი მიდგომა სჭირდება:

„რასმუსენი ალბათ, იმაზე საუბრობს, რომ შესაძლებელია, საქართველო გახდეს ნატო–ს წევრი დათქმით, რომ ალიანსის წესდების მუხლები, მათ შორის მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს უსვამს ხაზს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტიპის გადაწყვეტილებას ფრთხილი მიდგომა სჭირდება. ცალკე კითხვაა, რამდენად განიხილება ეს საკითხი ოფიციალურ დონეზე. თუ ალიანსი ამ ყველაფერზე ფიქრობს, მაშინ ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, სწორად უნდა დავინახოთ რისკი და პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გავაკეთოთ ამ რისკების მინიმუმამდე დასაყვანად”.

როგორც გობრონიძემ “აქცენტს” განუმარტა, ქართულ მხარეს რიგი ზომების მიღება მოუწევს, რომელსაც ამ დრომდე თავს არიდებდა, მათ შორის - ოკუპირებული და კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯნვა და ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების სწორად ინფორმირება:   

„ხშირად  გვსმენია, “ნატო–ში გაწევრიანება შეიძლება, ჩვენი ტერიტორიების დათმობის ხარჯზე მოხდესო”. ამ თემით სპეკულირება აუცილებლად დაიწყება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. აქ საზოგადოების სწორად ინფორმირებაა მნიშვნელოვანი. თუ ნატო სადღეისო მოცემულობით მიგვიღებს, გამოვა, რომ ალანსის  წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოჩნდება საოკუპაციო ჯარი [რუსული ბაზები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში]. თუ საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებასთან ერთად გაკეთდება დათქმა, რომ ალიანსის მუხლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, ქართულ მხარეს მოუწევს, მკაფიოდ გამიჯნოს ოკუპირებული და კონტროლირებადი ტერიტორიები. ჩვენი სახელმწიფო ამ დრომდე თავს არიდებს ე.წ. საზღვრის გამიჯნვას, რაც, ვფიქრობ, მცდარი პოზიციაცაა. მესმის, რომ ჩვენ არანაირი საზღვრის არსებობას არ ვაღიარებთ, მაგრამ შესაძლებელია, მას “საოკუპაციო ხაზი” ვუწოდოთ და ამ ხაზის გასწვრივ იყოს მიღებული უსაფრთხოების კონკრეტული ზომები. ცხადი უნდა გახდეს, რა ტერიტორიის მიღმა უნდა ჩაითვალოს რუსული ნაწილების მოქმედება ხელახალ ინტერვენციად და კონკრეტულად რა ტერიტორიაა ოკუპირებული”.

გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, ნატო-ს წევრობისთვის ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრების დემარკაცია–დელიმიტაციის პროცესის დასრულება დაგვჭირდება:

“მსგავსი რამ სადღეისოდ მხოლოდ თურქეთთან გვაქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვდგებით შემდეგი მოცემულობის წინაშე:  საზღვრების გაყოფის, თუ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების პერიოდში რუსები ყველანაირად ეცდებიან, ვითარება დაძაბონ – დაიწყონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი ექსპანსია, ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა, უკეთეს შემთხვევაში პროვოკაციათა რიცხვი გაზარდონ, ხოლო უარეს შემთხვევაში გამორიცხული არ არის სამხედრო ხასიათის პროვოკაციები და საქართველოს ახალ კონფლიქტში ჩათრევის მცდელობები, რითაც იგივე ნატო–ს აჩვენებენ  – „ხედავთ, თქვენი პარტნიორი მუდმივ საფრთხეს გიქმნითო“. ეს ყველაზე სერიოზული რისკია“.

ნატო–ს წევრობის დადებითი მხარე

გობრონიძის ხედვით, ნატო–ში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყანა გარანტირებულად მოახერხებს, უზრუნველყოს უსაფრთხოება  კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოს გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარების პერსპექტვას მისცემს და სწორედ ამაშია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების, რუსული ორბიტიდან თავის დაღწევის და ეკონომიკური ზრდის გასაღებიც.

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ქვეყანაში სერიოზული საწარმოები გაჩნდეს და ინვესტიციები შემოვიდეს, მაგრამ სიტუაციას უცხოელი ინვესტორის პოზიციიდან შევხედოთ: პატარა ბაზარი, არცთუ  მშვიდობიანი სახელმწიფო საოკუპაციო არმიითა და მყიფე დემოკრატიით... ეს ქმნის განცდას, რომ აქ შესაძლოა, ყოველდღიურად გაფუჭდეს რაღაც. სწორედ ეს უშლის ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში ხელს. ნატო–ს წევრობა, თუნდაც იმ დათქმით, რომ ალიანსის წესდების მუხლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, ჩვენთვის ერთგვარი გამოსავალი იქნება, რათა კონტროლირებად ტერიტორიებზე შევქმნათ გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა. ეს ძალიან ბევრ პრობლემას მოგვიხსნის: საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ყოფის ხარისხს გააუმჯობესებს; არ გვექნება საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თუ რუსეთის განმეორებითი თავდასხმის შიში. თუ გადავხედავთ რუსეთის სამხედრო აღმშენებლობის ტემპებს, ფორმებს და მიმართულებებს სამხრეთ სამხედრო ოლქში, ცხადია, რომ რუსეთი შეტევით პოზიციას ამზადებს”.

კვიპროსის მოდელის“ მიმართ ნატო–ს წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულება

გობრონიძის შეფასებით, ამ ეტაპზე ალიანსში პოზიციები საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის:

„არსებობენ სკეპტიკოსი სახელმწიფოები და ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც მზად არიან, ყველანაირი პირობით მიგვიღონ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაავრცელონ მე–5 მუხლი [ნატო–ს კოლექტიური თავდაცვა]. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ერთიანი აზრი ჩამოყალიბებულია“.

გობრონიძის თქმით, ნატო–მ თავის დროზე აიღო ვალდებულება,  საქართველო გახდეს ალიანსის წევრი და ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაიხედება, ამიტომ უნდა გამოინახოს კომპრმისული გზა:

„ალბათ, რასმუსენის იდეაც ერთ–ერთია, რომელიც მუშავდება, ეძებენ გამოსავალს, რომ ალიანსში საქართველოს წევრობა არ გახდეს რეგიონში ახალი ტიპის კონფლიქტების კატალიზატორი, მით უმეტეს, რომ მსგავსი მცდელობები მოსკოვისგან გამორიცხული არ არის. მას სამხრეთ საზღვართან ნატო–ს წევრი ქვეყანა არ სურს, ბალტიისპირეთიც არ აქვს ჯერ “მონელებული”. ამ შემთხვევაში ვითარება რთულია, რეგიონიც საკმაოდ ტურბულენტურია და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას თან შესაბამისი სამოქმედო გეგმაც უნდა ახლდეს: ვხედავთ, რომ ნატო–ს წევრი ქვეყნები შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების ზონების გაზრდას ცდილობენ, ჩვენს აკვატორიაში პრაქტიკულად ორჯერ არის გაზრდილი ნატო–ს ხომალდების მანევრირება, ვიზიტების რაოდენობა და ხანგრძლივობა. ამასთან, ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ქმედით თანამშრომლობაზე გადავდივართ და საჭიროა, ამან კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღოს. თუ რამე შეაჩერებს რუსულ საფრთხეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დათმობა. საქართველო ნატო–ს რადარებზე საერთოდ არ არსებობდა, როდესაც რუსეთმა მართვადი კონფლიქტების მეშვეობით სცადა, საქართველოზე ყველა მიმართულებით დაემყარებინა კონტროლი და მინიმუმამდე დაეყვანა საქართველოს სუვერენიტეტი“.    

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S