
აფხაზური ოპოზიცია მოსკოვთან ახალი - "გადახედილი" ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების გაფორმებას არ გამორიცხავს
27/11/2024 13:17:55 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა შესაძლოა, 2025 წლის თებერვლისთვის დაგეგმილი "საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ" მოსკოვთან ახალი - "გადახედილი" ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება გააფორმოს, - წერს რუსული გამოცემა «Ведомости» აფხაზ ოპოზიციონერ კან ქვარჩიაზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემას "დეპუტატმა" ქვარჩიამ განუცხადა, მხარეებს შორის კომპრომისად შეიძება, იქცეს ინვესტიციის თამასის რამდენიმე მილიარდი რუბლით გაზრდა პროექტებში, რომლებიც თითქმის არანაირი გადასახადით არ დაიბეგრება, ორჯერ შემცირებული დღგ-ის გარდა.
აღსანიშნავია, რომ ქვარჩია იყო ერთ-ერთი იმ ოპოზიციონერ ლიდერებს შორის, რომლებიც რუსეთთან ამ შეთანხმების არსებული სახით დამტკიცებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და სათავში ედგნენ საპროტესტო ტალღაც, რომელიც 19 ნოემბერს დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომით დასრულდა.
"ამჟამინდელი სახით ამ შეთანხმების დამტკიცება შეუძლებელია. მაგრამ თუ რუსეთის ფედერაცია საკითხს გაგებით მოეკიდება და სახელმწიფოებრივად მიუდგება, ვფიქრობ, არ გვექნება პრობლემა, საინვესტიციო შეთანხმება დავამტკიცოთ. კერძოდ, აფხაზებისთვის მტკივნეული იქნებოდა მსხვილი რუსი ინვესტორების შემოსვლა რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის საკვანძო სფეროებში - ტურიზმსა და ლოჯისტიკაში. ჩვენს ტურისტულ სფეროში რომ რუსი ინვესტორები შემოსულიყვნენ 8 წლის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადებისგან გათავისუფლების პირობით, აქამდე უკვე ბანკროტები ვიქნებოდით. ამასთან, შეთანხმების იმ ვარიატში, რომელიც პარლამენტს რატიფიცირებისთვის 15 ნოემბერს წარედგინა, ყველა ძირითადი ხარჯი და რისკი აფხაზურ მხარეზე მოდიოდა. ასე, მაგალითად, დღგ-ის ორჯერ შემცირებული ოდენობა პრეფერენციალური ინვესტორებისთვის ნიშნავდა, რომ სამშენებლო მასალა არსებული ობიექტების აღდგენის ან ახლების მშენებლობისათვის პრაქტიკულად არ დაიბეგრებოდა, მაშინ, როცა აფხაზური მხარე ვალდებული იქნებოდა, ამ ობიექტებისთვის კომუნიკაციები აღედგინა ან აეშენებინა საკუთარი ხარჯებით, თან ყოველგვარი საგადასახადო შეღავათების გარეშე... ერთ-ერთი ვარიანტი, არსებული შეთანხმება გადაიხედოს, შეიძლება, იყოს ინვესტიციების ოდენობის თუნდაც 5-6 მლრდ რუბლამდე გაზრდა მაღალპრივილეგირებული ინვესტორების სიაში მოსახვედრად. ყველა საკითხს დაბალანსებულად უნდა მივუდგეთ. თუ ინვესტორს ამ თანხის გადახდა არ სურს, მაშ რა უნდა მაღალპრივილეგირებულთა სიაში?!" - განაცხადა ოპოზიციონერმა "დეპუტატმა".
ამასთან, მან ჩამოთვალა ოკუპირებული რეგიონისთვის პრობლემური სფეროები და აღნიშნა, რომ ამ სფეროებში ინვესტირების მსურველების ხელშეწყობა სრულიად მისაღები იქნებოდა:
"მაგალითად, მზად ვართ, მოვუხსნათ ინვესტიციების ოდენობის ქვედა ზღვარი მათ, ვინც მოისურვებს ინვესტირებას სოფლის მეურნეობაში, გაზიფიცირებაში, მწვანე ენერგეტიკაში, გენერაციის ობიექტების მშენებლობაში... ეს ყველაფერი სადღეისოდ ჩვენთვის პრობლემური სფეროებია. მაგრამ ტურიზმისა და სატრანსპორტი ლოჯისტიკის კუთხით პრინციპში, მეტ-ნაკლებად ნორმალური ვითარება გვაქვს და რატომ უნდა ვძვრებოდეთ ამ სფეროებში?!".
ცნობისთვის: 25 ნოემბერს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა აფხაზური "პარლამენტის" სპიკერ ლაშა აშუბას რუსეთთან ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების არსებული ვარიანტის უახლოეს სხდომაზე გატანისა და საბოლოოდ ჩაგდების მოთხოვნით მიმართეს.