
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს
25/11/2024 12:07:24 კონფლიქტები
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი, პუტინის მოკავშირე ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.
ეს ვარაუდი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბელორუსი ჟურნალისტების საგამოძიებო რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა, ნოემბრის საპოტესტო აქციების დროს აფხაზურ "სამთავრობო" შენობათა კომპლექსში შეჭრილი ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების მიერ კაბინეტებში აღმოჩენილი საბუთებითაც დადასტურდა.
5-ვარსკვლავიანი, 300 ოთახზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსი სამედიცინო სპა-კორპუსითა და სამკურნალო ტალახის წყაროებით, სამი რესტორნით, ღია და დახურული აუზებით, წყლის ატრაქციონებითა და სპორტული მოედნებით, ასევე 8 ცალკე მდგომი ვიპ-სახლით, რომლის მფლობელებსაც ცალკე ნავსაყუდელი მოემსახურება - ერთ-ერთი იმ ორიდან, რომლის მშენებლობაც კომპლექსის სიახლოვესაა დაგეგმილი, - ასეთია ლუკაშენკოს მიერ კონტროლირებადი კომპანია "ჟემჩუჟინას" პროექტი.
ორიოდ თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ლუკაშენკოს აფხაზეთში 200 000 კვ.მ ზღვისპირა მიწა აჩუქეს. ჟურნალისტური გამოძიების მასალების თანახმად, ამ საკითხზე აწ უკვე გადამდგარ დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეთანხმება 2022 წლის სექტემბერში, ოკუპირებულ რეგიონში ლუკაშენკოს მოულოდნელი ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. ის ვიზიტიც, ისევე, როგორც ზემოთხსენებული პროექტი, ოკუპაციის შესახებ ქართული კანონდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. არადა, ლუკაშენკოს, მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, აფხაზეთი დღემდე არ უღიარებია.