
ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საეჭვო რეპუტაციის კონგრესმენი წარადგინა
14/11/2024 06:18:14 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კონსერვატორი კონგრესმენი მეტ გეცი წარადგინა.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social 14 ნოემბერს დაწერა, რომ ნიჭიერი და მიზანმიმართული იურისტი მეტ გეცი დაიცავს ქვეყნის საზღვრებს, გაანადგურებს კრიმინალურ დაჯგუფებებს და აღადგენს იუსტიციის სამინისტროსადმი ამერიკელების შერყეულ ნდობას.
ამერიკული მედიის ცნობით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გეცის კანდიდატურა სადავო გახდება, რადგან მის მიმართ 2020 წლიდან არსებობს ეჭვები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან სავარაუდო კავშირის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გამოყენების და ქრთამის აღების შესახებ.
იუსტიციის სამინისტრომ გამოძიების საფუძველზე უარი თქვა კონგრესმენისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენაზე, თუმცა 2021 წლიდან გეცის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომისიაში. თავად კონგრესმენი ყველა ბრალდებას უარყოფს.
კონგრესის ეთიკის კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ მაიკლ გესტმა The Associated Press-ს განუცხადა, რომ გეცის წარდგენამ არ შეცვალა მიმდინარე გამოძიება. მაგრამ გეცის გადადგომა ნიშნავს, რომ კომიტეტს აღარ ექნება იურისდიქცია, გააგრძელოს გამოძიება.
გენერალურ პროკურორად გეცის დანიშვას სენატის თანხმობა სჭირდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021