
სტარმერს და მაკრონს სურთ, შეცვალონ აშშ-ის პოზიცია რუსეთის სიღრმეში დარტყმების მიმართ
11/11/2024 10:13:57 ევროპა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „უკანასკნელად“ შეეცდებიან, დაარწმუნონ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ უკრაინას ნება დართოს რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმის Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ The Telegraph წერს.
გამოცემის ცნობით, საკითხს მაკრონი და სტარმერი დღეს, 11 ნოემბერს პარიზში განიხილავენ. ბრიტანელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ბაიდენი, რომელიც ცდილობს თავისი საგარეო პოლიტიკური მემკვიდრეობის განმტკიცებას, საბოლოოდ გასცემს ნებართვას, რასაც კიევი თვეების განმავლობაში ელის.
უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რუსეთის ტერიტორიის დარტყმისთვის შორი დისტანციის რაკეტების გამოყენება ომის მიმდინარეობის შეცვლას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ეს შესაძლებელს გახდის რუსული თვითმფრინავების შეჩერებას, რომლებიც ბომბავენ უკრაინას, აღნიშნავს The Telegraph. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მზად არიან, დაუშვან უკრაინის მიერ Storm Shadow რაკეტების 560 კილომეტრამდე გამოყენება, მაგრამ ელიან შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რომელიც მანამდე უკრაინას აწვდიდა ATACMS რაკეტებს. შეერთებულ შტატებში შიშობენ, რომ თანხმობა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
The Telegraph-ის თანამოსაუბრეების თქმით, ლონდონს ახლა სურს, „მაქსიმალურად ეფექტურად“ გამოიყენოს ის დრო, რომელიც 2025 წლის იანვარში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დარჩა. უკრაინის ომის გარდა, სტარმერი და მაკრონი განიხილავენ ტრამპის მომავალი პრეზიდენტობის შედეგებს ახლო აღმოსავლეთში და აშშ-ის ევროპასთან სავაჭრო შესაძლებლობას.