
რუსეთი მტერთან საბრძოლველად სამხედრო პარაფსიქოლოგიას უბრუნდება
03/04/2019 15:11:36 სხვა, თავდაცვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყანაში საბრძოლო პარაფსიქოლოგიის არსებობის შესახებ იუწყება. როგორც სამინისტროს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, საქმე ეხება სამხედრო მეთოდიკებს, რომელიც მოწინააღმდეგის გონებაში შეღწევისა და კომპიუტერული პროგრამების გატეხვის შესაძლებლობას იძლევა.
სტატიის ავტორის ინფორმაციით, ზოგიერთი ასეთი მეთოდიკა თავის დროზე ჩეჩნეთში, ავღანეთსა და ვიეტნამში იქნა გამოყენებული.
„[...] ადამიანს, რომელიც მეტაკონტაქტის ტექნოლოგიას ფლობს, ძალუძს, აწარმოოს არავერბალური დაკითხვა, შეაღწიოს ტყვედ აყვანილი მოწინააღმდეგის გონებაში და ა.შ. სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად სპეცდანიშნულების რაზმების წევრებს, უმაღლესი თანამდებობის პირებს, მსხვილ მეწარმეებსა და საბანკო სტრუქტურების ხელმძღვანელებს სპეციალურად წვრთნიან საიმისოდ, რომ ტყვედ ჩავარდნისას მათ წინააღმდეგ მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა შეძლონ“,– ნათქვამია სტატიაში.
გარდა ამისა, სტატიის ავტორის ინფორმაციის, მსგავსი მეთოდიკები სამხედროებს უცხო ენების ათვისებაში, საბრძოლო პირობებში მკურნალობაში, მოწინააღმდეგის საწყობებისა და სხვა სამიზნე ობიექტების აღმოჩენაში ეხმარებათ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რუსი სპეციალისტები ტელეპატიას დელფინებთან მუშაობის გზით დაეუფლნენ:
„ისინი აზრობრივად აძლევდნენ ცხოველებს სხვადასხვა ბრძანებებს, რომელთაც ეს უკანასკნელები ასრულებდნენ. მსგავს პრაქტიკას იყენებდა ცხოველების ცნობილი მწვრთნელი დუროვი. როგორც აღმოჩნდა, შესაძლებელია ამ მეთოდიკის გამოყენება ადამიანების მიმართაც, მეტიც, შესაძლებელი აღმოჩნდა მისი გამოყენება ტექნიკასთან მიმართებაშიც. მაგალითად, შესაძლებელია, აზრის ძალით არიო კომპიუტერული პროგრამები, ტელე- და რადიო-გადაცემები, კომუნიკაციები, გადაწვა კრისტალები გენერატორებში და ა.შ.“.
სამხედრო პარაფსიქოლოგია სათავეს საბჭოთა დროიდან იღებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, მაშინ პარაფსიქოლოგია ადამიანის ფენომენალური შესაძლებლობების გამოვლენას ისახავდა მიზნად, ახლა კი რუსეთში იმჟამინდელი მიღწევების აქტუალიზაცია გადაწყდა.
თუმცა არაერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სამხედრო პარაფსიქოლოგია მეცნიერებად ვერ ჩაითვლება და ექსპერიმენტული მიღწევები სხვა არაფერია, თუ არა მონაგონი.
ბრიგადის გენერლის ამირან სალუქვაძის შეფასებით, რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურ ჟურნალში მსგავსი სტატიის გამოქვეყნება ერთის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების უძლეველობის იმიჯის შექმნას ემსახურება, მეორეს მხრივ კი ისინი „რეალურად მუშაობენ“:
„ჩვენი საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, რამდენად სერიოზულად მუშაობს რუსეთის ფედერაციის არმია ყველა მიმართულებით, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების მხრივ. არმიას, „ფსბ“-ს ტროლების მთელი არმია ჰყავს – ათასობით ადამიანი. რაც შეეხება ნლპ-ს, პარაფსიქოლოგიას, ეს შემდგომი განვითარებაა. ერთია საინტერესო ობიექტთან დაკონტაქტება, ან მის სივრცეში შეღწევა, მეორე მისი გამოყენება. აქ ერთვება უკვე ეს მეთოდები. რამდენად შორს წავიდნენ ამ მხრივ, რთული სათქმელია, მაგრამ საყურადღებოა, განსაკუყრებით ძალოვანი უწყებებისთვის“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021