
ევროპელმა ლიდერებმა ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვისას ამერიკასთან ევროპის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი
06/11/2024 12:51:27 მსოფლიო
ევროპელი ლიდერების ნაწილმა დონალდ ტრამპს აშშ–ის საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვება უკვე მიულოცა. ისინი ტრამპისთვის მილოცვისას ამერიკასთან ევროპის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას ხაზგასმით აღნიშნავდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა "გულთბილად მიულოცა“ ტრამპს გამარჯვება და აღნიშნა, რომ "აშშ და ევროკავშირი მეტია, ვიდრე მოკავშირეები".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და აშშ-ის „მუდმივ ალიანსს“ და „ისტორიულ კავშირს“.
გარდა ამისა, ტრამპმა მილოცვები მიიღო საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ლიდერებისგან.
იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯია მელონიმ, რომელიც ხელმძღვანელობს მემარჯვენე ადმინისტრაციას, შემდეგი განაცხადა: „იტალია და შეერთებული შტატები არიან დაძმობილებული ერები, რომლებიც დაკავშირებულია ურყევი ალიანსით, საერთო ღირებულებებითა და ისტორიული მეგობრობით".
უნგრეთის პრემიერ- მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ტრამპის მოკავშირეა, ტრამპის გამარჯვებას უწოდა "ყველაზე დიდი შემობრუნება აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში".
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ მოუთმენლად ელის ტრამპთან მომავალ წლებში მუშაობას და ორ ქვეყანას შორის „განსაკუთრებული ურთიერთობის“ გაგრძელებას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც 2018 წლის სტატიაში ტრამპი აღწერა, როგორც „ქალთმოძულე, ნეონაცისტების თანამგრძნობი სოციოპათი“, უფრო დიპლომატიური იყო თავის მილოცვის "პოსტში".
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ იმუშავებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად უფრო ძლიერი ევროპისთვის, ტრამპის პრეზიდენტობის „ახალი კონტექსტიდან გამომდინარე“.
„ამ ახალ კონტექსტში ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ უფრო ერთიანი, ძლიერი და უფრო სუვერენული ევროპისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით და ჩვენი ინტერესებისა და ღირებულებების დაცვით“, - დაწერა მაკრონმა ოთხშაბათს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ "პოსტში".
NATO–ს გენერალურმა მდივანმა, ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ტრამპის ხელმძღვანელობა „კვლავ საკვანძო იქნება ალიანსის ძლიერად შენარჩუნებისთვის“. მილოცვის "პოსტში", რომელიც მანამდე დაწერა, სანამ ტრამპი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დადასტურდებოდა, რუტემ თქვა: „მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას NATO–ს მეშვეობით მშვიდობის გასაძლიერებლად“.
შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მილოცვები მიიღო, მათ შოროს საქართველოს პრეზიდენტისგან და პრემიერ–მინისტრისგან.
- ვისკონსინში გამარჯვების მოპოვების შემდეგ დონალდ ტრამპი აშშ–ის პრეზიდენტი გახდა, – იუწყება The Associated Press (AP).
AP-ს ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 224, – იუწყება CNN.
როგორც AP იტყობინება, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში აგამრჯვების შემდეგ, ტრამპმა გაიმარჯვა ვისკონსინში რომელსაც საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმა აქვს.
- პარალელურად, "რესპუბლიკურმა პარტიამ" დასავლეთ ვირჯინიის და ოჰაიოს შტატებიდან მოპოვებული ადგილების შედეგად სენატში უმრავლესობა დაიბრუნა. წინასწარი მონაცემებით, "რესპუბლიკურ პარტიას" 100-წევრიან სენატში 51 წარმომადგენელი ეყოლება. დღეს სენატის უმრავლესობაში დემოკრატები არიან.
- რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, წინასწარი შედეგებით 435-წევრიან პალატაში რესპუბლიკელები ლიდერობენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო. NBCNews-ს ცნობით, ამ დროისთვის [თბილისის დროით 16:00სთ] დემოკრატებს 178, ხოლო რესპუბლიკელებს 203 წარმომადგენელი ჰყავთ.
78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე პერიდში. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021