Accentnews.ge
ამერიკის მერყევ შტატებში საარჩევნო უბნებმა ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება მიიღეს

ამერიკის მერყევ შტატებში საარჩევნო უბნებმა ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება მიიღეს

06/11/2024 05:46:32 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბრის არჩევნების დღეს არაერთ უბანზე მიიღეს შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ყველა შეტყობინება ცრუ იყო.

ელექტრონული ფოსტით მსგავსი შეტყობინებები მიიღეს საარჩევნო უბნებმა ე.წ. მერყევ შტატებში, მათ შორის არიზონასა და ჯორჯიაში, სადაც უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო.

მერყევს უწოდებენ იმ შტატებს, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ცრუ შეტყობინებებთან კავშირი აქვს რუსეთს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო უბნების დახურვის და ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესი გრძელდება.

ამ დროისთვის [თბილისის დროით 9:30სთ] არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელ“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 230 ხმა აქვს, „დემოკრატ“ კამალა ჰარისს - 182, – იუწყება CNN.

ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ე.წ. მერყევ შტატებზე: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე. თუ ამერიკის 50 შტატიდან უმრავლესობა ტრადიციულად დემოკრატების, ან რესპუბლიკელების მხარდამჭერია, ე.წ. მერყევ შტატებში გამარჯვების შანსი აქვთ ორივე პარტიის კანდიდატებს.

სააგენტო AP-ის წინასაწრი მონაცემებით, ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპი ლიდერობს, ხოლო მიჩიგანსა და პენსილვანიაში - ჰარისი.

საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.

თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.

5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც.

100-წევრიანი სენატის უმრავლესობაში ამჟამად დემოკრატები არიან, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S