
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა
04/11/2024 07:29:44 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, "გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა". ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრე–სპკერმა განუცხადა.
"როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა. დაინტერესებული მხარეები უნდა გაერთიანდნენ, რათა დადგინდეს ფაქტები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივანმა სათქმელი ნათლად განაცხადა. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას და ერთად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვაგრძელებთ ფართო და აქტიურ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან საქართველოში და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის OSCE/ODIHR-თან და ევროკავშირთან, რათა განვსაზღვროთ საუკეთესო გზა", – განუცხადა "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრე–სპკერმა.
რა თქვა ბაიდენმა
"ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას, მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამიტომ, ღრმად ვარ შეშფოთებული ამ ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის, იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედებით, რომელიც რუსული კანონების მსგავსად ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცეს.
ახლახან ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა, გააუქმოს კანონები, როგორიცაა ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის კანონი,” რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაუყოვნებლივ დაიწყოს არჩევნების სანდოობასთან დაკავშრებით ინკლუზიური დიალოგი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად დაიცვან კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება", – ნათქვამია აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებაში.
რა თქვა ბლინკენმა
"საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.
შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს", – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
30 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამასთან, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა:
"ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას",- აცხადებენ პროკურატურაში.
პრეზიდენტი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021