Accentnews.ge
თორნტონი: "არჩევნების დღის დარღვევების მასშტაბი სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, რაც კი 2003 წლის შემდეგ გამართულ ნებისმიერ არჩევნებზე დაფიქსირებულა"

თორნტონი: "არჩევნების დღის დარღვევების მასშტაბი სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, რაც კი 2003 წლის შემდეგ გამართულ ნებისმიერ არჩევნებზე დაფიქსირებულა"

01/11/2024 09:26:36 პოლიტიკა

მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი ლორა თორნტონი, რომელიც 2014 –2020 წლებში „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი იყო, მიიჩნევს, რომ "26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღის დარღვევების მასშტაბი სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, რაც კი 2003 წლის შემდეგ გამართულ ნებისმიერ არჩევნებზე დაფიქსირებულა".

ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

თორნტონის შეფასებით, წინა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ამჟამინდელი კენჭისყრა ერთმანეთისგან განსხვავდება.

  • "2024 და 2020 წლების ვითარება ერთმანეთს არ ჰგავს. პირველ რიგში, 2024 წლის წინასაარჩევნო გარემო გამოირჩეოდა ძალადობით მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ასევე – სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტიტუტების გამოყენებით, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღებით, უკვე შეთანხმებული საარჩევნო რეფორმების შეუსრულებლობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელის შერჩევის წესის დარღვევით, ხელისუფლების კრიტიკოსების შიშისა და დაშინების ატმოსფეროს შექმნით, ომის შესახებ "ქართული ოცნების" კამპანიის მიუღებელი რიტორიკითა და ბანერებით და მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიებით "ქართული ოცნების" და კრემლის მხრიდან. ამ ყველაფერს 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების დროს ადგილი არ ჰქონია. ხოლო, რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ამ არჩევნების დღის დარღვევების მასშტაბი სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, რაც კი 2003 წლის შემდეგ გამართულ ნებისმიერ არჩევნებზე დაფიქსირებულა. როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები აცხადებენ, დამკვირვებლების წინააღმდეგ ძალადობა, ბიულეტენების ჩაყრა, მრავალჯერადი ხმის მიცემა, დაშინება და ხმების მოსყიდვა არა იზოლირებული ინციდენტები, არამედ ფართოდ გავრცელებული შემთხვევები იყო", – განაცხადა თორნტონმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ არჩვენების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის პროტესტს სათავეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უდგას, მკვლევარი განმარტავს, რატომ "ანიჭებს ეს ფაქტი პროტესტს უფრო მეტ წონას":

  • "ვფიქრობ, რომ ეს უფრო მეტ წონას ანიჭებს პროტესტს, რადგან პრეზიდენტს აქვს მანდატი იმ ხალხისგან, ვინც იგი პირდაპირ აირჩია. მისი ხმა პროტესტს მატებს სანდოობას".

სამომავლო მოვლენების შესაძლო სცენარებზე საუბრისას თორტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა იმდენი ხანია, რაც თავისი საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას და შეურაცხყოფას ახდენს, რომ საქმისთვის „ჩვეულ რეჟიმში“ დაბრუნება არ იქნება".

  • "მაგალითად, რომ დავუშვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კიდეც რომ "დაარბილოს" "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი, არსებობს მრავალი სხვა ქმედება, რომელიც მმართველმა პარტიამ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების საზიანოდ განახორციელა, ასეთებია: ანტი–LGBTQ „პროპაგანდის“ კანონი, რომელიც თრგუნავს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას; რუსეთში მრავალფუნქციური ტექნიკის ტრანზიტის არაღკვეთა, რომელიც სანქციების თავიდან აცილების გზას წარმოადგენს; რიტორიკა ოპოზიციის აკრძალვისა და ოპონენტების დაპატიმრების შესახებ; დამოუკიდებელი ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დევნის მიზნით სხვა სამართლებრივი ზომების გამოყენება და სასამართლო და საარჩევნო რეფორმის ჩავარდნა.
  • მე მჯერა, რომ "ქართული ოცნების" აზრით, მას შეუძლია, უბრალოდ „გადატვირთოს“ ურთიერთობა ივანიშვილსა და აშშ-ს ელჩს შორის შეხვედრის შეთავაზებით, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. არ მჯერა, რომ მანამდე არსებული თანამშრომლობა განახლდება მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ქმედებების, მათ შორის სერიოზული საარჩევნო დარღვევების გამოძიების საჭიროების და ზოგიერთ ადგილზე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის გარეშე", – დასძინა მან.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S