Accentnews.ge
"ოცნების" პარტნიორი უნგრეთის ხელისუფლების მიმართ შეშფოთება ევროკავშირის კვალდაკვალ,ნატო-შიც იზრდება

"ოცნების" პარტნიორი უნგრეთის ხელისუფლების მიმართ შეშფოთება ევროკავშირის კვალდაკვალ,ნატო-შიც იზრდება

31/10/2024 12:25:33 ევროპა, მსოფლიო

საქართველოს მმართველი პარტიის პარტნიორი უნგრეთის მთავრობის მიმართ შეშფოთება ევროკავშირის კვალდაკვალ ნატო-შიც იზრდება.

პრემიერ ვიქტორ ორბანის გუნდისადმი მწვავე კრიტიკა მოჰყვა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიარტოს ვიზიტს მინსკში, ევრაზიული უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელზეც უმთავრესად პუტინის რეჟიმის პარტნიორი ავტორიტარული ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, ირანისა და სირიის ჩათვლით.

კონფერენციის გახსნაზე ერთ-ერთი მთავარი სპიკერის სტატუსით სიტყვით გამოსვლისას სიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი რუსეთისმიმართ დასავლეთის სასანქციო პოლიტიკის წიააღმდეგია. ეს - მაშინ, როცა უნგრეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, მხარი დაუჭირა 14 სასანქციო პაკეტს, რომელიც რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე გასული ორზე მეტი წლის განმავლობაში დაუწესდა.

სიარტომ ასევე განაცხადა, რომ "ევრაზიაში თავიდან უნდა იქნას აცილებული ბლოკური აზროვნება და აუცილებელია პირიქით, ხიდების გადება".

ბელორუსის სანქცირებული ავტორიტარული რეჟიმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში უნგრეთის დიპლომატიის ლიდერის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის კრიტიკული წინააღმდეგობები, რომლებიც ბოლო პერიოდში ბუდაპეშტსა და ევროკავშირ-ნატო-ში მის პარტნიორებს შორის იკვეთება, განსაკუთრებით - უკრაინის ომისა და რუსეთისადმი პოლიტიკის ნაწილში.

როგორც დღეს გამოცემა Politico აღნიშნავს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ხდებიან შეშფოთებული მოსკოვსა და ფეხნიანთან უნგრეთის პოზიციების სიახლოვის გამო.

ცნობისთვის: ახალახანს უნგრეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მონაწილეობაზე ამ პრობლემის განხილვაში, რომელიც ბუდაპეშტში აშშ-ის საელჩოში იყო ორგანიზებული. იმ შეხვედრის მსვლელობისას უნგრეთში ამერიკის ელჩმა დევიდ პრესმანმა მწვავედ გააკრიტიკა ორბანის ხელისუფლების მიერ მიღებული "ეკონომიკური ნეიტრალიტეტის დოქტრინა", რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს თანასწორ პარტნიორობას როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთსა და ჩინეთთან.

სიარტოს მინსკში ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც, რომელმაც უკვე გამართა მოლაპარაკებები სერბეთის ვიცე-პრემიერთან და ჩინეთის სპეცარმომადგენელ ლი ხუეისთან, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაში კი, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა იმაზე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე რუსეთი გეგმავს, ირანთან გააფორმოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებას უსაფრთხოების სფეროშიც.

ანალოგიური შეთანხმება უკვე აკავშირებს რუსეთს ჩრდილოეთ კორეასთან, რომელმაც, აწ უკვე დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინასთან ომში რუსეთის დასახმარებლად თავისი ქვედანაყოფები გაგზავნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S