Accentnews.ge
რატომ ვერ (არ) ებრძვის საქართველო ეფექტურად კრემლის «რბილ ძალას»

რატომ ვერ (არ) ებრძვის საქართველო ეფექტურად კრემლის «რბილ ძალას»

30/05/2019 13:16:20 თვალსაზრისი, ანალიზი

მიუხედავად იმისა, რომ რუსულ «რბილ ძალას» მთელი ცივილიზებული მსოფლიო ებრძვის, ამ ბრძოლაში (ყოველ შემთხვევაში, დეკლარირების დონეზე) საქართველოც არის ჩართული და ამ მიმართულებით როგორც უცხოელი დონორების, ისე სახელმწიფო  ბიუჯეტის მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ბრძოლა ეფექტურია. ამას ყველა აღიარებს – სხვადასხვა პროექტების განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებიც და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებიც, თუმცა სათანადო შედეგი ჯერ-ჯერობით მაინც არ ჩანს.


ნატო-ს წვრთნები – სტალინის პორტრეტებისა და რუსული მარშების ფონზე

ბოლო პერიოდში საქართველოში ერთობ დისონანსურ მოვლენებს ვადევნებთ თვალს, რაც, ბუნებრივია, არაერთმნიშვნელოვნად აღიქმება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და დასავლელ პარტნიორებშიც: ერთის მხრივ, ქვეყანაში რუსულ “რბილ ძალასთან” ბრძოლაა დეკლარირებული; ხელისუფლებაშიც, ოპოზიციაშიც, საზოგადოებაშიც ბევრს საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე, ე.წ. მცოცავ ანექსია-ბორდერიზაციაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებასა და პუტინის რუსეთის სხვა “სიკეთებბზე”, რომლებიც საქართველომაც იწვნია და მსოფლიოს მასშტაბით უამრავ სხვა წერტილშიც ვადევნებთ თვალს. მეორეს მხრივ კი, მთელი ბოლო თვეების მანძილზე მოწმენი ვართ იმისა, როგორ “ძირავენ” ანაკლიის პორტის ქვეყნისთვის (როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით) სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტს,  რომელიც ყველამ ვუწყით, ვის არ აწყობს; როგორ იკიდებს ფეხს იდეა - “სტალინის პორტრეტი - ყველა ქართულ ოჯახში, მისი ძეგლი – ყველა ქალაქში”; როგორ მართავს  გორჩაკოვის სახელობის პუტინის მიერ დაფინანსებული ფონდი თბილისში კონფერენციას “საქართველო – რუსეთსა და თურქეთს შორის”; როგორ იმართება 9 მაისს თბილისში “უკვდავი პოლკის” მსვლელობები, რომლებიც ყველგან მსოფლიოში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება; როგორ აფრიალებენ რუსეთის მოქალაქეები ბათუმის ცენტრალურ გამზირზე რუსულ დროშას; როგორ უჭირთ ხელისუფლების ზოგიერთ, მათ შორის მაღალი რანგის წარმომადგენლებს იმის მკაფიოდ არტიკულირება, რომ რუსეთი საქართველოსთვის მთავარი საფრთხე და ოკუპანტია; როგორ იმაღლებენ დღითიდღე ხმას რუსეთთან  აფილირებული ძალები პარლამენტშიც და მის გარეთაც; სოციალურ ქსელებში კი დილიდან დაღამებამდე ნამდვილი ვაქჰანალიაა გაჩაღებული სოკოებივით მომრავლებული “ტროლებისა” და პროპაგანდისტული “მედიასაშუალებებისა”, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბოდვასთან მიახლოებულ პროპუტინისეულ, პრორუსულ, პროსაბჭოურ და აუცილებლად ანტიდასავლურ ნარატივებს ტირაჟირებენ.

მსგავსი «ტროლებისა» და ვითომ «მედიის» ქმედებების მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება. აქ მხოლოდ ერთ – სულ ახლახანს გამოვლენილ ფაქტს მოვიყვანთ, რომელიც უშუალოდ «აქცენტს» შეეხო და რომლის გამოც პასუხს დღემდე უშედეგოდ ვითხოვთ. კერძოდ, ინტერნეტ-გამომცემა TVM-მა «აქცენტის» ანტიპროპაგანდისტული მასალა ზუსტად საპირისპირო მიზნით გამოიყენა და კრემლის ნარატივების პროპაგანდად აქცია, თანაც სტატიის მისეული – სრულიად დამახინჯებული ვარიანტი კვლავ «აქცენტს» მიაწერა.  


რუსული “რბილი ძალის” ძირითადი პოსტულატები საქართველოსთვის

სადღეისოდ საქართველოში რუსული “რბილი ძალის” ძირითადი ნარატივები ასეთია:

1)  უსაფრთხოება – „დასავლეთი შორსაა, ის ვერ დაგიცავთ, ჩვენ კი აქვე ვართ – თბილისიდან 40 კმ-ში და თუ არ დამიჯერებთ, საბოლოოდ გაგანადგურებთ, ამიტომაც გირჩევნიათ, პრაგმატულები იყოთ“;

2) მითი საქართველოსთვის რუსული ბაზრის «გარდაუვალი აუცილებლობის» შესახებ, რომელიც ქვეყანაში არსებული არცთუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე საკმაოდ ეფექტურია;

3) “დასავლეთი, ნატო ჩვენგან ტრადიციულ ფასეულობებზე, ქართველობაზე უარის თქმას, ჩვენი შვილების ლგბტ-ებად  ქცევას  მოითხოვენ და სანაცვლოდ მხოლოდ დაპირებებს გვაძლევენ, მათკენ  სვლა კი, ნატო-ს წვრთნები და სხვა ერთობლივი ქმედებები  რუსეთთან ურთიერთობებს გვიძაბავს და საქართველოს დარტყმის ქვეშ აყენებს”.

სადღეისოდ პროპუტინისეულ ძალებს არ აქვთ მიზანი, რუსეთი კარგ ქვეყნად წარმოაჩინონ, მათი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას ყველაფერი ერთნაირ „ჭაობად“ დაანახონ – „ჩვენ პრორუსულები არ ვართ, მაგრამ არც პროდასავლურები, ჩვენ პროქართულები ვართო“. ამასთანავე, ისინი მოქმედებენ პრინციპით, მოსახლეობას ერთდროულად ყველაფერი «დააყარონ თავზე»: სტალინი, საბჭოური წარსული, ოჯახი, ეკლესია, გეები, ეროვნული უმცირესობები, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი... - ანუ, წარმოაჩინონ, თითქოს «ირგვლივ ყველა მტერია, რუსეთი კი, სხვა თუ არაფერი, ძლიერია და თან ჩვენსავით მართლმადიდებელი».

ამავე «სერიიდანაა» ბოლო დღეების მცდელობები, სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან დავით-გარეჯის გამო დავა რუსულ ოკუპაციას გაუთანაბრონ. რა გასაკვირია, რომ ამ მცდელობების უკან მდგომი ძალები, რომლებიც რას აღარ წერენ და ამბობენ მეზობელ სახელმწიფოზე, არ ახსენებენ მარტივ ჭეშმარიტებას: ურთიერთობების გარკვეულ ეტაპებზე პრობლემები შეიძლება, ნებისმიერ მეზობლებს, მოკავშირეებს, პარტნიორებს შორისაც კი წარმოიშვას, მაგრამ მტერი ისაა, ვინც შენს თავისუფლებას ღიად ემუქრება. და, რაღა თქმა უნდა, არც იმას შეახსენებენ საქართველოს მოსახლეობას, რაც ისტორიულმა გამოცდილებამ უკვე არაერთგზის გვიჩვენა: ზედმეტი აყალმაყალი სენსიტიური საკითხების ირგვლივ, რომლებიც პირიქით, სიმშვიდესა და კაბინეტურ სიწყნარეს მოითხოვს, საბოლოოდ ქვეყანას ყველაზე ძვირად უჯდება!...


საქართველოს რამდენი მოქალაქე იმსხვერპლა უკვე კრემლის პროპაგანდამ

თუ უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების შედეგებს შევაჯერებთ, მოსახლეობის დაახლოებით 2/3 კვლავინდებურად რჩება საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის საგარეო ვექტორის მხარდამჭერად, პუტინის რუსეთის “რბილი ძალის” მსხვერპლად კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ 1/3-ზე ნაკლებია ქცეული. ამ 1/3-ს სამი ძირითადი კატეგორიის მოქალაქეები ქმნიან:

- ვინც ბრმად იჯერებს როგორც უმარტივესად გადასამოწმებელ, ისე ვერგადამოწმებად, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბოდვასთან მიახლოებულ ყალბ ცნობებს, როგორიცაა, მაგალითად, “ჰოლანდიაში ინცესტი დააკანონეს!“, "ნორვეგიაში ყველა მამაკაცისთვის ძაღლთან სავალდებულო ქორწინება შემოიღეს", „ირანელი ტურისტები ამბობენ, რომ საქართველო მათი ტერიტორიაა”, “თურქულ პრესაში იბეჭდება რუქები, რომელზეც საქართველო თურქეთის ტერიტორიის ნაწილადაა გამოსახული”, “არაბი გიდები ტურისტებს უყვებიან, რომ საქართველო ირანის ყოფილი კოლონიაა“, ”გეებს მშობიარე ქალების პლაცენტიდან ღეროვანი უჯრედები ამოაქვთ, რათა ლგბტ-ების კლონირება მოახდინონ”, “უცხოელებს ქართული მიწა კონტეინერებით საზღვარგარეთ გააქვთ” და ა.შ.;


- ისინი, რომელთაც მართალია, მსგავსი ბოდვის არ სჯერათ, თუმცა აყოლილები არიან, მაგალითად, ასეთ ნარატივს: “მარტო რუსეთზე რატომ ვსაუბრობთ, როგორც ოკუპანტზე? - თურქეთს რა, ჩვენი მიწები არ მიუტაცებია? ან აზერბაიჯანი დღეს ჩვენთვის დავით-გარეჯის წართმევას არ ცდილობს?!»;

- ისინი, ვინც, წინა ორი კატეგორიისგან განსხვავებით, ხვდებიან, რომ პუტინისეული რუსეთი საქართველოს მთავარი მტერია, მთავარი საფრთხე, ვინც მოსმენილსა და წაკითხულს ბრმად არ იჯერებენ, ცდილობენ, თუნდაც ზედაპირულად გააანალიზონ და შედეგად მიდიან დასკვნამდე, რომ კრემლისეული ძალები მათთვის ყალბი ინფორმაციისა და იდეების  თავს მოხვევას ცდილობენ, მაგრამ არიან პუტინის რუსეთის ზემოთ ხსენებული პირველი ძირითადი - უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნარატივის ტყვეობაში: “დასავლეთი შორსაა და ვერ დაგვიცავს, რუსული ტანკები კი აგერ დგანან, თბილისიდან 40 კმ-ში...”.  


რას აკეთებს კრემლი საქართველოში

როგორც “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” დამფუძნებელი გიორგი მოლოდინი აღნიშნავს,  “სულ უფრო მეტად იკვეთება, რომ საქართველოში მუშაობს რუსული პროექტი, რომელიც სინქრონიზებულად ცდილობს ძირის გამოთხრას საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების საკვანძო მიმართულებებისათვის”:

„რუსეთთან აფილირებულ ორგანიზაციებსა და მათ “მონათესავე” დაჯგუფებებს საქართველოში ერთი დავალება/ამოცანა აქვთ:  შეუნარჩუნონ სახე ოკუპანტს, მტერს, რომელიც ბოლო ორ საუკუნეზე მეტია, გვკლავს, გვამცირებს, გვანადგურებს. ეს ჩვეულებრივი “მეხუთე კოლონაა” საქართველოში”.

იხილეთ ასევე რა «პოზიტიურ» გეგმას უმზადებს კრემლი «ცვლილებებისთვის მომწიფებულ» საქართველოს


ვინ და რა უმარტივებს პუტინის რუსეთს საქართველოში საქმეს

როგორც გიორგი მოლოდინი აღნიშნავს, რუსეთის შესაბამისი სამსახურები “ჰიბრიდული ომის” (პოლიტიკური სუბვერსია/ძირგამომთხრელი საქმიანობა სამიზნე სახელწმიფოში) წარმოებისთვის აქტიურად იყენებენ კანონმდებლობაში არსებულ “სიცარიელეებს”, რომლებიც მათ ე.წ. „რბილი ძალის“ პოლიტიკის ეფექტიანად წარმოებისთვის კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევთ.

“მაგალითად, ოკუპანტი ქვეყნის დროშის საქართველოს ტერიტორიაზე ფრიალი ჩემთვის არის საინფორმაციო გზავნილი/შეტყობინება, რომელიც სამიზნე აუდიტორიაში გარკვეული განწყობებისა და დამოკიდებულებების გამოწვევას ისახავს მიზნად, ხოლო რა მიმართულებით - ეს ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს“ - აღნიშნავს “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” დამფუძნებელი.

საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე თვლის, რომ პრობლემა არა იმდენად პროპაგანდაშია, რამდენადაც ადამიანებში ანალიტიკური აზროვნების დეფიციტში:

„როგორც ჩანს, ხალხს უჭირს (ან ეზარება) მტრულად განწყობილი ძალის სრულად იდენტიფიცირება. სულ მიკვირს, კიდევ რა უნდა გააკეთოს რუსეთის ფედერაციამ, რომ ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, მისი ნარატივები მტრულად აღვიქვათ?! საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, სუვერენიტეტის ხელყოფა, ოკუპაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარედ მოქალაქეების უფლებების მუდმივი დარღვევა... – ამაზე მეტი რა უნდა დაგვიშავოს?! მხოლოდ ის დარჩა, რომ მლიანად დაგვიპყროს და პუტინმა ჯალალ ედ დინივით საკუთარი ტახტი დადგას სიონზე! თუმცა ვხედავთ, რომ იგივე შიდა ქართლში ბევრ ადამიანს რუსეთი მტრად დღემდე არ მიაჩნია“.

ამასთან, როგორც გობრონიძე აღნიშნავს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მტრის არცოდნაა:

„არათუ რუსული პროპაგანდის, თავად რუსეთის შესახებაც არ გვაქვს სათანადო ცოდნა. რთულად მოიძიებთ ქართულ სამეცნიერო სტატიებს რუსულ პოლიტიკურ სისტემაზე, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებზე, მის ინტერესებზე და ა.შ. რუსეთი ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა და მის შესწავლას არ ვახორციელებთ!“.   

«ევროპული საქართველოს» ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია კი დარწმუნებულია, რომ კრემლთან აფილირებული ძალების ლეგიტიმაციას თავად მმართველი ძალა ახდენს და მართალია, ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორი «ქართულმა ოცნებამ» ვერ შეცვალა და ვერც მოსახლეობაში შეამცირა საგრძნობლად ამ კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა, თუმცა ხსენებული ძალების ლეგიტიმაცია ნამდვილად მოახერხა:

«ოცნებაში» შეხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მკაფიოდ არტიკულირებენ საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთის, პუტინის რუსეთის, საბჭოთა წარსულის, სტალინის, როგორც მე–20 საუკუნის უდიდესი ბოროტების მიმართ, თუმცა ისეთებსაც, ვინც კამპანიას მართავდნენ გორში სტალინის ძეგლის აღსადგენად და თვლიან, რომ მისი პორტრეტი ყოველ ქართულ ოჯახში უნდა ეკიდოს. ხელისუფლების მსგავსი ამბივალენტურობა განაპირობებს იმას, რომ პროპუტინისეული, პროსაბჭოური, პრორუსული და სხვა მსგავსი ჯგუფები ეთნონაციონალიზმისა და რელიგიური ნაციონალიზმის მკაფიოდ გამოხატული ნიშნებით, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ, დღეს უკვე თითქმის სრულად არიან ლეგიტიმიზებულები. ამასვე ემსახურება ხელისუფლების ის პრაქტიკა, როდესაც იგი რეკლამის საფარქვეშ საბიუჯეტო თანხებით აფინანსებს მსგავს ძალებთან აფილირებულ მედიასაშუალებებს, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის კუთვნილ ტელეკომპანია «ობიექტივს». პროდასავლურ ძალებს ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ წაუგიათ და იმედი მაქვს, არც წააგებენ; კრიტიკულ უმრავლესობას საქართველოში ჯერ კიდევ მკაფიო დამოკიდებულება აქვს პროდასავლურ პოლიტიკურ კურსთან და იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინის რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეა და საქართველოს ადგილი თავისუფალ სამყაროშია, თუმცა  საპირისპირო იდეების მატარებელი ძალები მრავლდებიან, მძლავრდებიან და მათ პროპაგანდისტულ საქმიანობას დაქვემდებარებული მოქალაქეების რაოდენობა - მოსახლეობის 1/3 ჩემთვის ცოტა ნამდვილად არ არის: ბევრი მაგალითი ვიცით იმისა, რომ ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე სწორედ უმცირესობებს გადაუწყვეტიათ საკვანძო საკითხები».

ბოკერია ამბობს, რომ ზოგადად, არ არის მომხრე შეთქმულების თეორიებისა, მათ შორის  - იმ მოსაზრებისა, რომ «ქართული ოცნების» ხელისუფლება ფარულად თავად ატარებს ქვეყანაში კრემლის პოლიტიკას, თუმცა თვლის, რომ «მსგავსი მულტივექტორული, როგორც თავად «ოცნებაში» ამბობენ, «დაბალანსებული» მიდგომით, რეალურად კი ერთი ჯგუფების მეორეთა წინააღმდეგ ამხედრებით ბიძინა ივანიშვილი და მისი «ოცნება» ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობენ».


დასაშვებია თუ არა საქართველოში კრემლთან აფილირებული ძალებისა და მედიასაშუალებების აკრძალვა?

გიორგი გობრონიძე პროპაგანდისტული ნარატივის გამტარი ძალებისა და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების წინააღმდეგ აკრძალვითი ზომების მიღების წინააღმდეგია:  

„არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკურ პარტიებში, ხელისუფლებაშიც ჩნდება მოსაზრებები, რატომ არ ავკრძალავთ პირდაპირო. მაგრამ ეს გააჩენს რისკს, სამომავლოდ ხელისუფლებამ ეს აკრძალვა-შეზღუდვები სულ სხვა მიმართულებით, მისთვის არახელსაყრელი მედიასაშუალებების თუ ჯგუფების წინააღმდეგ გამოიყენოს. გარდა ამისა, კონტრპროდუქტიულია, პირდაპირ „დაარტყა“ მსგავს საინფორმაციო საშუალებებს: პირობითად „ობიექტივს“ და „საქინფორმს“ რომ დღეს რაღაცას დაჰმართებ, ხვალ მათი ალტერნატივა გაჩნდება. ეს ნათლად აჩვენა სოციალურმა ქსელმა: ხდება გარკვეული „ფეიქ–ექაუნთების“ დაბლოკვა, თუმცა სოკოებივით ჩნდებიან ახლები, რის შესაძლებლობასაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები იძლევა“.

ანალოგიური მოსაზრება აქვს გიგა ბოკერიას. მისი აზრით, კრემლთან აფილირებული ძალებისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ისევე უნდა იყოს გარანტირებული საქართველოში, როგორც ნებისმიერი სხვა კატეგორიისთვის და მათი აკრძალვა მიუღებელია, სანამ მათი ქმედებები კანონის ფარგლებს არ გასცდება.


რა უნდა გეკეთდეს რუსულ «რბილ ძალასთან» ბრძოლის ეფექტურობის ასამაღლებლად

გიგა ბოკერიას აზრით, საუკეთესო გზა კრემლთან აფილირებული ძალების იზოლირება და «პოლიტიკურ კეთროვანებად» ქვეცაა:

«როდესაც ხელისუფლება მრგვალ მაგიდებს აწყობს რაღაც რთული სახელწოდებებით და სვამს «რთულ» კითხვას, «როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას?», ჩვენ ძალიან მარტივ რამეს ვთავაზობთ: არ აკრძალოს ეს ჯგუფები მათი იდეების გამო, რადგან ისინი პირიქით, სწორედაც რომ დისკუსიაში უნდა დავამარცხოთ, მაგრამ სასწრაფოდ შეწყვიტოს ამ ძალების ლეგიტიმაცია. ლეგიტიმური იარაღი ქვეყნის შიგნით მოქმედი მსგავსი ძალებისა და მათ უკან მდგომი გარე მტრის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი შიდა კომპლექსებითა და ისტორიული სტერეოტიპებით ჟონგლირებას ცდილობს, მათი იზოლირებაა, პოლიტიკურ კეთროვანებად ქცევა, რომლებსაც მოერიდებიან ქვეყანაში მოქმედი ყველა სხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალები. დღეს კი «ოცნება» ამ ყველაფრის ნაცვლად, ახდენს საპირისპიროს - მათ ლეგიტიმაციას, რაც სასწრაფოდ უნდა შეწყდეს!».

თავის მხრივ, გიორგი გობრონიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს რეაგირების რეჟიმში, მან უნდა შექმნას პოზიტიური ნარატივები, საზოგადოების სწორი და ინტენსიური ინფორმირება განახორციელოს და გადადგას სინერგიული ნაბიჯები მედიასა და არასამთავრობო სექტორთან ერთად:

„სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი სტრატეგიული უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელშიც სწორად იქნება აღწერილ–ახსნილი საფრთხეები, მათ შორის - საინფორმაციო ველში და მათ წინააღმდეგ შემუშავდეს მეთოდები. ეს მეთოდები, უპირველესად, პოზიტიური ნარატივით დაპირიპირება უნდა იყოს. ერთია, როდესაც მუდმივად გვესმის, რომ «საქართველო დასავლეთთან კულტურულად შეუთავსებელია», «დასავლეთი გვართმევს ტრადიციებს», «თავს გვახვევს სატანისტურ ლიბერალურ ღირებულებებს», მაგრამ ვინც ამას იჯერებს, მოსვლიათ აზრად, დაფიქრებულიყვნენ, რომელია ეს ტრადიცია, ის «ქართველობა», რომელსაც «ვკარგავთ» დასავლეთთან ურთიერთობით?! ამიტომაც სტრატეგიული კომუნიკაცია ცალსახად დასახვეწია: ეს არ არის ცალკეული ინფორმაციის მიწოდება, როგორც ამას პრეს–სამსახურები აკეთებენ, ეს არის კოორდინაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი სახელმწიფო უწყებებს შორის, რათა მათ ნებისმიერ საინფორმაციო საფრთხეს ადექვატურად უპასუხონ. სახელმწიფომ უნდა გადადგას პროაქტიური საინფორმაციო ნაბიჯები და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერტიზის გაძლიერება: პრაქტიკულად, ვერც ერთი კვლევითი ჯგუფი ვერ გეტყვით, დღეს რა კონკრეტული მასშტაბისაა საქართველოში რუსული პროპაგანდა, რა გავლენა აქვს მას საზოგადოებრივ აზრზე და საინფორმაციო ველზე, რადგან ამის დათვლა მეთოდოლოგიურად შეუძლებელია. საჭიროა, ამ მიმართულებით გაძლიერდეს მუშაობა. ამის შემდეგ უნდა მოხდეს მარგინალიზაცია ნარატივისა, რომელსაც რუსები ხალხში ავრცელებენ. მაგალითად, ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ «საქართველოში ნატო–ს წევრი ქვეყნების ბაზები არსებობს»; რუსული წყაროები იმასაც წერდნენ, «ახალქალაქში რუსული სამხედრო ბაზა ჩადგაო», როდესაც ახალქალაქის სამხედრო ბაზის ადგილზე სადღეისოდ წესიერი ინფრასტრუქურაც კი არ არსებობს, - რუსები ნორმალურს რას დატოვებდნენ?! ეს,რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რამდენ სისულელესაც გაავრცელებენ, აქ დიპლომატიური კორპუსი დარბოდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას საფუძვლიანად აეხსნას სიკეთეები, რომელსაც აძლევს ქვეყანას არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი, როგორ შეიცვალა ქვეყანა მისი წყალობით უკეთესობისკენ».

ამ კონტექსტში გობრონიძე კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს:

1998 წელს ყველა დაგვცინოდა, როდესაც ვთქვით, «ნატო–ში შესვლა გვინდაო», დღეს კი ჩვენი შეიარაღებული ძალების ნაწილები ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალებში შედიან;

სამხედრო აკადემიაში ორი სახეობის საჭმელი იყო, დღეს კი არმიის ძველი სტანდარტებით შემოსვა, კვება, „დედოვშჩინა“ და ა.შ. წარმოუდგენელია დ ეს სწორედ ნატო–ს სტანდარტების იმპლემენტაციამ მოიტანა;

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოჰყვა უზარმაზარი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი (ხოლო ის, რომ 1 800 000 წლის მეხსიერებას ვითვლით და 5 000-წლიანი თაფლის გატანა გვიჭირს ევროპულ ბაზარზე, ისევ და ისევ იმის შედეგია, რომ ადამიანებისთვის ჯეროვნად არ ხდება ინფორმაციის მიწოდება).

ჯორჯ სოროსი მხოლოდ ლგბტ თემის უფლებების დაცვას კი არ აფინანსებს საქართველოში, მისი დახმარებით რეკონსტრუქცია 250–მდე ქართულ ეკლესიას ჩაუტარდა და ქვეყანაში მუსლიმური კულტურის ძეგლებიც გადარჩა;

იგივე ლუგარის ლაბორატორია კავკასიაში ბიულოგიური უსაფრთხოების ერთადერთი დაწესებულებაა და ისრომ არა, სწორედ ბიოლოგიური იარაღის წინაშე დავრჩებით დაუცველები.

ასევე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს იგი გობრონიძე მედიაწიგნიერების გაძლიერებას:

„კომუნიკაციების  მარეგულირებელი კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია მედიაწიგნიერების გაძლიერებაზე. მან გარკვეული ტრეინინგები დაიწყო, მაგრამ აუცილებელია კონკრეტული ხედვის არსებობა, - ვინ, როგორ, რა ვადებში და რა შედეგებზე გათვლით უნდა განახორციელოს მედიაწიგნიერების ამაღლების კამპანია, რათა მიღწეულ იქნას საზოგადოების ეფექტური დაცვა რუსული პროპაგანდისტული ნარატივებისგან“.

რაც შეეხება თავად მოსახლეობას, გიგა ბოკერია საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, პოლონეთის მაგალითს მიბაძონ და მზად იყვნენ პუტინის რუსეთის ფსიქოლოგიური წნეხისთვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გასაწევად:

«მადლობა ღმერთს, მოსახლეობის კრიტიკულ უმრავლესობას კრემლის ღია თუ ფარული მუქარის გამო რუსეთისთვის დანებების განწყობა არ აქვს. ცხადია, რუსეთთან ომი არავის სურს, ზოგადად ომი მხოლოდ არანორმალურს შეიძლება, სურდეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ჯერ–ჯერობით არც ვუშვებთ, მმართველი ძალის ძალიან ცუდი პოლიტიკის მიუხედავად, რომ რუსეთმა ფსიქოლოგიურ წნეხში გვამყოფოს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევისთვის. ჩვენ შეიძლება, არ ვიყოთ მთლად კმაყოფილები ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოლიტიკით, რიგ შემთხვევებში მათი არასაკმარისი აქტიურობით ან ეფექტურობით, მაგრამ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში მტრები და სტრატეგიული პარტნიორები. ყოველთვის მაგალითად მომყავს პოლონეთი, ტრაგიკული ისტორიის ქვეყანა, რომელსაც, ამის მიუხედავად, პროდასავლური განვითარების გზისთვის არასოდეს გადაუხვევია».







 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S