Accentnews.ge
რომელი ქვეყნები და რა გზით გეგმავენ ლიბანიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას

რომელი ქვეყნები და რა გზით გეგმავენ ლიბანიდან თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას

03/10/2024 08:14:54 მსოფლიო

მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა ქვეყნების ნაწილი ლიბანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს. როგორც CNN იუწყება, სახელმწიფოები ლიბანიდან თავიანთი მოქალაქეების გამოყვანას კვიპროსის და თურქეთის გავლით აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ქვეყანას ჯერ არ დაუწყია მასშტაბური სამხედრო ევაკუაცია, რიგმა სახელმწიფომ ორგანიზება გაუკეთა ჩარტერულ რეისებს, ხოლო ზოგმა ქვეყანამ დახმარება გაუწიეს მოქალაქეებს კომერციული რეისებზე ადგილების დაჯავშნაში.

ვინ როგორ გეგმავს ლიბანიდან მოქალაქეების ევაკუაციას

ამერიკის შეერთებული შტატები: CNN-ის ინფორმაციით, ათობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განლაგდა კვიპროსში სხვადასხვა სცენარისთვის მოსამზადებლად, მათ შორის ლიბანიდან აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციისთვის სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში. აგვისტოდან მოყოლებული, აშშ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანი.

გაერთიანებული სამეფო: ლიბანიდან ბრიტანეთის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციისთვის მოსამზადებლად, დაახლოებით 700 დამატებითი ჯარისკაცი განალაგეს კვიპროსში, სადაც ბრიტანეთის სამხედრო ძალებს უკვე ჰყავს რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე ორ ბაზაზე. მას ასევე ჰყავს ორი სამხედრო გემი რეგიონში და 2 ქოტომბერს ორგანიზება გაუკეთა ჩარტერულ რეისს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთიდან.

საფრანგეთი: საფრანგეთის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვერტმფრენმზიდი ხომალდი ჩავა ხმელთაშუა ზღვაში იმ შემთხვევისთვის, თუ პარიზი გადაწყვეტს თავისი მოქალაქეების ევაკუაციას ლიბანიდან, – იუწყება Reuters.

"პარიზის საგანგებო გეგმები აქცენტირებულია კვიპროსსა და ბეირუთის აეროპორტზე, ამასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთის გავლით ევაკუაციის შესახებ", – იტყობინება Reuters.

ავსტრალია: დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა, რომ დამატებით 500 ადგილი დაჯავშნეს ავსტრალიელებისთვის, მუდმივი რეზიდენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კომერციულ რეისებზე. ისინი შაბათს გაფრინდებიან კვიპროსში. მისივე ცნობით, ავსტრალიის თავდაცვის ძალების თვითმფრინავი განთავსებულია კვიპროსში საგანგებო ღონისძიებებში დასახმარებლად.

ჩინეთი: სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "Xinhua" ცნობით, ჩინეთის 200-ზე მეტი მოქალაქე ევაკუირებულ იქნა ლიბანიდან, მათ შორის დაახლოებით 80 ადამიანი გემით, რომელიც სამშაბათს ჩავიდა კვიპროსში. მისივე ინფორმაციით, 140-ზე მეტი მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები ჩარტერული რეისით პეკინში გუშინ ჩავიდნენ.

კანადა: ოტავამ მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ დამატებით 800 ადგილი უზრუნველყო კომერციულ რეისებზე ლიბანიდან კანადელებისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა CBC News-ს განუცხადა, რომ თუ ევაკუაცია აუცილებელი გახდება, კანადას აქვს შეთანხმებები კვიპროსთან, საბერძნეთთან და თურქეთთან და თანამშრომლობს აშშ-სთან, ავსტრალიასთან და საფრანგეთთან, რათა "უზრუნველყოს ევაკუაციის გეგმების ერთობლივი ადაპტირება".

ესპანეთი, ნიდერლანდები, სამხრეთ კორეა და რამდენიმე სხვა ქვეყანა სამხედრო თვითმფრინავებს აგზავნის ლიბანში საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

რაც შეეხება საქართველოს, "აქცენტმა" საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი კითხვით მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის: ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, 1 ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია "ჰეზბოლას" თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს" ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზას სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში "ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.

"ჰეზბოლას" და მის მოკავშირეს, პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა "ჰამასს", რომლებიც ისრაელს მთავარ მტრად მიიჩნევენ, მხარს უჭერს ირანის ხელისუფლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S