
ზურაბ ბატიაშვილი:"ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით უნდა ჩავშალოთ კრემლის გეგმები"
30/05/2019 12:04:19 თვალსაზრისი, კომენტარი
რონდელის ფონდის მკვლევარი, პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს "მთავრობის მხრიდან საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებად" აფასებს. საუბარია ფოთის ნავსადგურისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის მიცემასა და შემდეგ გაუქმებაზე.
"ეს მეტყველებს საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, სტრატეგიის არქონაზე, რაც ზოგადად დამახასიათებელია სახელმწიფოებრიობის სუსტ აღქმასთან. სამწუხაროდ, არ არსებობს გეზი - რა გვინდა, როგორც საზოგადოებას და როგორც სახელმწიფოს. როცა არ იცი ან ნაკლები წარმოდგენა გაქვს სად ხარ და საით უნდა წახვიდე, ძალიან ბუნებრივია მსგავსი სიტუაციები, რაც ანაკლიის პორტის გარშემო შეიქმნა. როგორც ყველა სერიოზულ საკითხთან მიმართებაში, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებითაც საჭიროა მშვიდი და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება. საქართველომ საკუთარი უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალური პოლიტიკური და ეკონომიკური მოგება უნდა მიიღოს ტრანზიტული ფუნქციის შესრულებისგან. ამ მხრივ კი ანაკლიის პორტი ერთ-ერთი მთავარი საკვანძო წერტილია. შესაბამისად, ნებისმიერი აჩქარება ან არასწორი გათვლა პირდაპირ არტყამს საქართველოს ინტერესებს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შესუსტება და შემოსავლების კლება კი რუსეთის პირდაპირ ინტერესშია. კრემლის ამოცანა მარტივია - საქართველო აქციოს ვერშემდგარ სახელმწიფოდ, რომლის ჩაყლაპვაც ადვილი იქნება. ამიტომ ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით უნდა ჩავშალოთ კრემლის გეგმები"- განუცხადა "აქცენტს" ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
"ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღმოჩნდა, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში, მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა, კონსორციუმის წარმომადგენლები და ინვესტორები კი მთავრობის წევრებს 21 მაისს შეხვდნენ:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება" - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.
უკვე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას ამცნო, რომ ნებართვა გაიცა მთავრობის წევრებთან შეუთანხმებლად და ის გაუქმებულია, ნებართვის გამცემი კი თანამდებობიდან გათავისუფლებული:
"პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის ეს დოკუმენტი გაცემული. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი გაუქმდა და ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021